ჭარბი მიწოდება, მოთხოვნის კლება და არასტაბილური ვითარება - უძრავი ქონების კომპანიებში აცხადებენ, რომ თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასის შემცირების ტენდენცია ამ ფაქტორებითაა გამოწვეული.
საქმე ისაა, რომ თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირა კლების ტენდენციას აგრძელებს. იანვარში დედაქალაქში ბინების საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურად 12%-ით, ერთ კვადრატულ მეტრზე 10.7 დოლარამდე იყო შემცირებული.
როგორც უძრავი ქონების სააგენტოში “კიბე” BMG-ის განუცხადეს, ქირის ფასის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ბაზარზე არსებული ჭარბი მიწოდებაა, რაც განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებზე აისახება.
„ქირის ფასის შემცირების ერთ-ერთი მიზეზად შეიძლება ის გარემოება დასახელდეს, რომ ძალიან ბევრი ახალი კორპუსები შენდება და მათი უმრავლესობა ეკონომ კლასისაა, რომლებსაც მყიდველები გაქირავების მიზნით იძენენ. როდესაც მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს, რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ფასებზე და ღირებულება შემცირების ტენდენციისკენაა მიმართული. ვადაში გაწელილი გაქირავებები განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში აისახა, რადგან იქ უფრო მაღალ ბიუჯეტური ბინებია. გარეუბნებში, სადაც შედარებით დაბალ ბიუჯეტური უძრავი ქონებაა, გაქირავების კლების მაჩვენებელია უფრო დაბალია“, - განუცხადა „კიბეს“ დამფუძნებელმა, ნელი გოგუაძემ.
ამასთან, სააგენტოში ამბობენ, რომ რუსი მიგრანტების ეფექტის მილევასთან ერთად ქირაზე ფასების კლებას ის გარემოებაც განაპირობებს, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირებულია მათ შორის, დასავლური ქვეყნების მოქალაქეების და ტურისტების მხრიდანაც.
“ერთი მიზეზი მიზეზი ჭარბი მიწოდებაა, მეორე კი ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობა. საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ, თუნდაც ორი თვით, ექვსი თვით და შესაბამისად, მოთხოვნა იყო შედარებით გრძელვადიან იჯარაზე. არასტაბილურობის ფონზე კი ამ მაჩვენებელმა იკლო. მოთხოვნა მათ შორის, ტურისტების კლების ხარჯზეცაა, რადგან იყვნენ ტურისტები, რომლებიც სასტუმროებში არ ჩერდებოდნენ და ბინებს ქირაობდნენ. ამ მაჩვენებელმაც იკლო და შესაბამისად, ქირის მოთხოვნასა და ფასზეც აისახა”, - აღნიშნა ნელი გოგუაძემ.