უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში აცხადებენ, რომ ქირის ფასის შემცირება ორი ძირითადი მიზეზითაა გამოწვეული, მიგრაციის ეფექტის მილევით და ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობით.
საქმე ისაა, რომ დეკემბერში თბილისში ქირის ფასი წლიურად 10%-ით შემცირდა და გასული წლის ბოლოს კვადრატულ მეტრზე 11 დოლარი შეადგინა. ქირა ნოემბერთან შედარებითაც გაიაფდა, ჯამში 3%-ით.
როგორც Sakura Properties-ის დამფუძნებელმა BMG-ის განუცხადა, ქირაზე ფასების კლება მიგრანტების მხრიდან მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. თუმცა ვიქტორია საკუროვას განმარტებით, მიღმა ამისა, შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, ქირაზე მოთხოვნა შემცირებულია დასავლური ქვეყნების მოქალაქეების მხრიდანაც, რომლებიც გასულ პერიოდში საქართველოში სამსახურებრივი მიზნებით მივლინებით ხანგრძლივად ჩამოდიოდნენ.
„ქირაზე ფასების შემცირებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. ერთი, რა თქმა უნდა, მიგრაციის ეფექტის შენელებაა, რომელიც თითქმის უკვე აღარაა. რუსებისგან, ბელარუსებისგან და უკრაინელებისგან გარკვეული მოთხოვნა კვლავ არის, თუმცა არა ისეთი, რამაც რამდენიმე წლის წინ ქირაზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ქირის ფასის შემცირების მეორე მიზეზი კი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციაა, რამაც გამოიწვია ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში მივლინებით, სამსახურებრივად ხანგრძლივად ჩამოდიოდნენ, ან აქ გადმოსვლას აპირებდნენ, მათი წილი ბევრად შემცირებულია.
განსაკუთრებით პრემიუმ ბინებზე ფასის შემცირება იმან გამოიწვია, რომ დასავლური ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში უკვე ნაკლებად ჩამოდიან. ეს ყველაფერი კი იმითაა გამოწვეული, რომ ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ფილიალი დახურა, ბევრს გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე, დაფინანსება შეუწყდა. ამის შედეგად, გვაქვს ის სიტუაცია, რომ ქირაზე ფასების შემცირება არამხოლოდ მიგრაციის ეფექტის მილევით, არამედ იმითაა განპირობებული, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ხანგრძლივად ჩამოსვლას ერიდებიან“, - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.