სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად, 2022 წლის მონაცემებით, ჭარბი წონა ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს, ანუ ყოველი რვა ადამიანიდან ერთი - ჭარბწონიანია. თან, საგანგაშო ის არის, რომ 1990 წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი გაორმაგდა, ხოლო ბაშვებსა და მოზარდებში, ანუ 5-დან 19 წლამდე ასაკის ადამიანებში, ეს მაჩვენებელი, საერთოდაც - გაოთხმაგდა. ამ კვლევიდან ვიგებთ იმასაც, რომ ჭარბწონიანობა პლანეტაზე მცხოვრები სრულწლოვნების 43%-ს აწუხებს.
ჭარბწონიანობა, რომელიც ქრონიკული პრობლემაა, რამდენიმენაირად იზომება, მაგრამ მთავარ პარამეტრად, როგორც წესი, ექიმები სხეულის მასის ინდექსს, იგივე BMI-ის იყენებენ, რომელიც ადამიანის სიმაღლეს და წონას ითვალისწინებს. როგორც ექიმები ამბობენ, რაც უფრო მაღალია სხეულის მასის ინდექსი, მით უფრო მაღალია შანსი ადამიანს სხვადასხვა დაავადებები განუვითარდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ჭარბწონიანობა გლობალური პრობლემაა, რომელიც ადამიანებს სქესისა და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად აწუხებთ, მსოფლიოს წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანიები ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატებს ქმნიან. თუ ჭარბწონიანობის მკურნალობის ტრადიციულ გზად ჯანსაღი კვება და ვარჯიში ითვლება, ბოლო წლებში, აფთიაქებში წონის კლების პრეპარატები გამოჩნდა.
ამ მხრივ უდავო ლიდერია დანიური ფარმაკოლოგიური გიგანტი Novo Nordisk-ი, რომელმაც სემაგლუტიდის მოლეკულაზე დაფუძნებული ორი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატი - Wegowy-ი და Ozempic-ი შექმნა. ეს გამოგონება Novo Nordisk-ისთვის იმდენად დადებით მოვლენად იქცა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, კომპანიის აქციის ფასი 74%-ითაა მომატებული. დღეს, Novo Nordisk-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $554 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით ის ევროპაში პირველი, მსოფლიოში კი რიგით მე-14 კომპანიაა.