მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩართულია თუ არა Binance-ი ციფრული ლარის პროექტში? - კრიპტობირჟის პასუხი

644e2c9b5efe2
გიორგი არონია
30.04.23 12:51
1136
სტატიაში საუბარია:

ორი წელიწადია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის, ციფრული ლარის პროექტზე მუშაობს, რისთვისაც უწყებამ ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიები თანამშრომლობისთვის მოიწვია. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის მზაობა ასამდე ფინტექ-კომპანიამ და ბლოკჩეინ-კომპანიამ გამოთქვა. არის თუ არა ამ კომპანიებს შორის მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟა Binance-ი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მეტად გააქტიურდა და ქვეყანაში ოფისიც გახსნა, ამ ეტაპზე, ოფიციალურად, უცნობია.

ბიემჯის კითხვაზე, ჩართულია თუ არა Binance-ი ციფრული ლარის პროცესში, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის რეგიონული დირექტორი, გლებ კოსტარევი ამბობს, რომ არა, რადგან CBDC-ი ტრადიციული ბლოკჩეინისგან განსხვავდება. მისივე თქმით, Binance-ი მუდმივად აკვირდება გლობალურ ტრენდებს და შესაბამისად, რეკომენდაციებსაც გასცემს.

“დიახ, ის განსხვავებულია ტრადიციული ბლოკჩეინისგან. თუმცა, ჩვენ ყოველთვის გავცემთ რეკომენდაციებს, რადგან მუდამ ვაკვირდებით გლობალურ ტენდენციებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ბლოკჩეინ-კომპანია ვართ, ხოლო კრიპტო ძალიან განსხვავდება CBDC-სგან. როგორც იცით, ციფრული ვალუტა პირდაპირი წვდომის საშუალებას აჩენს. ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის მეშვეობით მოქალაქეები დეპოზიტების შენახვას პირდაპირ ცენტრალურ ბანკში შეძლებენ. ეს ტექნოლოგია სწორედ ამის საშუალებას აჩენს და კომერციული ბანკების, როგორც შუამავლების საჭიროებას აქრობს. თუმცა ეს პროექტი ჯერაც საწყის ეტაპზეა და CBDC-ის რამდენიმე განსხვავებული თეორიული კონცეფცია არსებობს, რამდენიმე მათგანი კი, ბლოკჩეინზე არის დაფუძნებული. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფულის მომავალი ციფრულია, მაგრამ ამ ტექნოლოგიის დასახვეწად ჯერაც საკმაოდ დიდი დრო უნდა გავიდეს. როგორც იცით, სრული მასშტაბით ციფრული ვალუტა ჯერ არცერთ ქვეყანაში არ გამოუშვიათ”, - ამბობს გლებ კოსტარევი.

საქართველოსთან ერთად ბიემჯი Binance-ის გლობალური ხედვითაც დაინტერესდა და კომპანიის რეგიონულ დირექტორს კითხა, თუ როგორია მისი ხედვა და პროგნოზი ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებით. გლებ კოსტარევის თქმით, ეს ტექნოლოგია ჯერაც განვითარების ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის ნაღდ ფულს, ანუ ე.წ. “ქეშს” აუცილებლად ჩაანაცვლებს.

“ვთვლი, რომ ის ნამდვილად ჩაანაცვლებს ნაღდ ფულს, ანუ ე.წ. “ქეშს”. თუმცა არ მგონია, რომ ის კრიპტოს განადგურებას შეძლებს. როგორც იცით, კრიპტო თანხის გადარიცხვაზე გაცილებით უფრო დიდია - აქ გვხვდება სხვადასხვა სახის პროექტები, მაგალითად: NFT, DeFi, DAO და GameFi. არ მგონია, რომ ამ სფეროებზე CBDC-ის რამე გავლენა ექნება”, - ამბობს გლებ კოსტარევი ბიემჯისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისთვის: ციფრული ვალუტის შექმნა ქართული ფენომენი არ არის, რადგან ასეთ პროექტებზე ცენტრალური ბანკები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მუშაობენ. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ვკითხულობთ, “ციფრულ ლარს გააჩნია პოტენციალი მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნის არსებულ მონეტარულ პოლიტიკასა და საგადახდო სისტემაზე, ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და ახალი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების გაჩენას”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები