მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აირჩია სებ-მა Ripple-ი “ციფრული ლარის” პროექტზე სამუშაოდ - ინტერვიუ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტთან

რიპლი

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ციფრული ლარის საპილოტე პროექტს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, Ripple განახორციელებს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, ორ-ფაზიანი პროექტის პირველი ეტაპი უკვე იწყება, რამდენიმე თვეში კი საპილოტე პროექტიც ჩაეშვება, რომლის გამოსაცდელი ვადაც 2025 წლის შუა პერიოდამდე გაგრძელდება.

Ripple-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯიუმს უოლისი BMG-ის გენერალურ პროდიუსერთან, გიორგი ისაკაძესთან საუბრისას იმ უპირატესობებზე აღნიშნავს, რის გამოც ეროვნული ბანკი მათ კომპანიასთან თანამშრომლობს.

როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩია ეროვნულმა ბანკმა პარტნიორად რიპლი, როდესაც ასეთ ამბიციურ პროექტზეა საუბარი.

პირველ რიგში, ძალიან გვახარებს და გვეამაყება, რომ ეროვნულმა ბანკმა ჩვენ აგვირჩია. ეს საკმაოდ გრძელი პროცესი იყო, მოლაპარაკებები გუნდთან 2 წლის წინ დავიწყეთ, ამიტომ ნამდვილად გულისხმიერი პროცესი იყო. მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ იმის გააზრებასაც, რა ამოცანის წინაშე იდგა ციფრული ლარის პროექტი. თანაც საპილოტე პროექტია, სხვანაირად შეგვიძლია, დახვეწილი ექსპერიმენტი ვუწოდოთ, რომელიც მოგვიანებით გამართულ სისტემამდე მიგვიყვანს. ვფიქრობ, ალბათ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც საბოლოოდ ჩვენზე შეჩერდა არჩევანი. პირველი ის, რომ უმთავრესად ტექნოლოგიას ვაწვდით ეროვნულ ბანკს. ჩვენ სპეციალურად CBDC-სთვის (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა) შევქმენით ტექნოლოგია, ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემების გამოყენებით და უკვე 10 წელზე მეტია, მას ვიყენებთ, ამიტომ, ამ თვალსაზრისით, რისკიც ნაკლებია. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია, რიპლი, უკვე 11 წელს ითვლის. რაც არც თუ ისე ბევრია ისტორიული საქართველოსთვის, თუმცა ფინტექ სექტორში - პირიქით. გადახდის სისტემებს მსოფლიოს მასშტაბით უკვე 10 წელია ვუძღვებით. ასევე, ვფიქრობ, ჩვენი კომპანიის კულტურაც თანხვედრაშია ეროვნული ბანკის ამოცანებთან. ცხადად ვხედავ პროექტის გარკვეულ დეტალებს, რომელთა განსახორციელებლადაც შესაბამისი გამოცდილება გვაქვს და იმედს ვიქონიებთ, რომ ამის დემონსტრირება შეგვეძლება.

გარდა თქვენ მიერ ჩამოთვლილი სამი მიზეზისა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა თანამშრომლობისთვის რიპლი აირჩია, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სხვა მიზეზებს შორისაა ის კონკურენტული უპირატესობები, რომლებსაც კომპანია ქვეყნის ცენტრალურ ბანკს სთავაზობს…

ბუნებრივია. ჩვენ უპირველესად ტექნოლოგიური კომპანია ვართ, შესაბამისად, უკვე გვაქვს არაერთგზის გამოცდილი ტექნოლოგია, რომელიც საქართველოს გარდა 10-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება, ანალოგიური საპილოტე პროგრამების განსახორციელებლად. ვფიქრობ, საბოლოოდ მაინც ჩვენი გამოცდილებაა მთავარი. ჩვენ ბანკთან თანამშრომლობის დაწყებიდან დიდი დრო დავუთმეთ მათი საჭიროებების განხილვას, შევქმენით ყოვლისმომცველი პაკეტი - შესაბამისად, ცენტრალურ ბანკს ჩვენ პროექტის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე ვეხმარებით, ტექნოლოგიური დახმარება მხოლოდ ამ პარტნიორობის ცენტრია, ჩვენს გამოცდილებას კი თქვენს ქვეყანას ვუზიარებთ.

თქვენ ახსენეთ ბლოკჩეინის სისტემაც, ამიტომ ჩემი კითხვაც ამ საკითხს შეეხება: ციფრული ლარი უკვე არსებულ ბლოკჩეინში ჩაინტეგრირდება თუ ფიქრობთ, რომ მისთვის ცალკე მდგომი სისტემა აამოქმედოთ?

მშვენიერი კითხვაა. არსებითად, ტექნოლოგია, რომელიც ციფრულ ლარს ქმნის, კერძო ბლოკჩეინია, თუმცა ის დაფუძნებულია სისტემაზე, რომელიც საჯარო ბლოკჩეინის შექმნისას გამოიყენება. საჯარო ბლოკჩეინი, რომელსაც ვიყენებთ, XRP Ledger-ია - საუბარია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ, ღია წყაროზე. თითოეული ქვეყნისთვის, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, ასევე ვქმნით ახალ, კერძო ვერსიას. შესაბამისად, კონკრეტულ ბლოკჩეინზე წვდომა მხოლოდ იმ შემთხვევაში გეძლევა, თუ ამის ნებართვა გაქვს. ამ სისტემის უპირატესობა ისაა, რომ XRP ტექნოლოგია უკვე დადასტურებულად გამართულია, მილიარდობით ტრანზაქციას ატარებს, თუმცა ცენტრალურ ბანკს ურჩევნია, რომ ყველაფერი ნაკლებად საზოგადო იყოს, რის გამოც შევქმენით კერძო ბლოკჩეინი.

თუმცა ის აბსოლუტურად დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც სპეციალურად იქმნება იმ პროექტისთვის, რომელზეც "რიპლი" მუშაობს. ჩემი შემდეგი კითხვა ისევ ციფრულ ლარს ეხება, თქვენი შეფასებით, სად დგას ციფრული ლარის პროექტი, თუ მას, მაგალითად, ჩინური ვალუტიდან USTD-მდე სპექტრზე შევაფასებთ?

თუ შევხედავთ CBDC-ის, ვნახავთ, რომ უფრო მსხვილი პროექტებიც არსებობს, რომლებსაც ციფრული ვალუტის კატეგორიაში მოვაქცევდი. თქვენ USDT (ტეზერი/Tether) ახსენეთ, რომელიც უფრო სტაბილური კრიპტოვალუტაა, ჩინური ციფრული იუენი კი ნამდვილი ციფრული ვალუტაა, ამ ორს შორის კი სპექტრი საკმაოდ ფართოა. ქვეყნებში, სადაც ცენტრალური ბანკი და ციფრული ვალუტაა, თითოეულ მათგანის მოტივაცია სხვადასხვაა, ამიტომ შედარება გაგვიჭირდება. ვიტყოდი, რომ საქართველოს მიდგომა უფრო ამბიციურია, რადგან გვაქვს 5 სხვადასხვა ქეისს განვიხილავთ. თუ სხვა ქვეყნის მაგალითს შევხედავთ, როგორც წესი, მათ მხოლოდ ერთი გადაწყვეტა აქვთ: ნაღდი ფულის ციფრულით ჩანაცვლება.

ანუ მათი ციფრული ვალუტა სრულად ანაცვლებს ნაღდ ფულს?

დიახ, ფაქტობრივად ციფრულ ქეშზეა საუბარი. თუმცა ციფრული ლარის პროექტს ის გამოარჩევს, რომ, ერთ-ერთი ქეისის შემთხვევაში, ის ობლიგაციების ტოკენიზაციას გულისხმობს. შესაბამისად, რითეილ მომხმარებლებსაც ექნებათ წვდომა ფასიან ქაღალდებზე. შესაძლოა ამან უძრავი ქონების ტოკენიზაციამდეც მიგვიყვანოს. პილოტი ოფლაინ ელემენტებსაც შეიცავს, შესაბამისად, თუ ინტერნეტზე წვდომა არ გაქვს, მაინც შეგეძლება გადახდების განხორციელება. ამიტომ ვიტყოდი, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია, თუმცა რაც მომწონს ქართულ პროექტში ისაა, რომ ის გამოყენების მრავალფეროვან ქიესებს გვთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები