2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ სებ-ის “ციფრული ლარის” საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია - Ripple გახდა, რომელიც ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას შექმნის, რაზეც სებ-ი 2020 წლიდან მუშაობს.
“რიპლის” ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიმს უოლისმა BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პროექტის გეგმა განიხილა, რომელიც ორ ფაზას მოიცავს და 7-8 თვეში საპილოტე პროექტის დაწყებას ითვალისწინებს.
“მიზეზი, რის გამოც საქართველოში ვიმყოფები, ეროვნულ ბანკთან შეხვედრებია. ვგეგმავთ მომდევნო ნაბიჯებს. ამჟამინდელი გეგმა ორფაზიანი პროექტია. პირველი ფაზა ზოგადი პროგრამისთვის საბოლოო სახის მიცემა და დეტალების შემუშავებაა და ეს ფაზა, რეალურად, ახლა იწყება. ვგულისხმობ გამოყენების ახლებური ქეისების განხილვას, იქნება ეს ობლიგაციების ტოკენიზაცია თუ სხვა. ეს დაგეგმარების ფაზაა, რომელიც, სავარაუდოდ, წლის შუა პერიოდამდე გაგრძელდება. 7-8 თვის გასვლის შემდეგ კი გადავდივართ უკვე მეორე ფაზაში, როცა რეალურად დავიწყებთ პილოტის განხორციელებას. 2025 წლის შუა პერიოდიდან კი, საპილოტე ფაზის დასრულების შემდეგ, ეროვნულ ბანკს მოუწევს გადაწყვიტოს, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი. თუ სურთ გამოყენების ქეისების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება, “რიპლის” როლი, როგორც ტექნოლოგიური პარტნიორის, ჩვენი გამოცდილების გაზიარებით, გაგრძელდება. ეროვნულ ბანკთან მარდად ვმუშაობთ, ერთად ვიკვლევთ ყველაფერს, რაც გზად გვხვდება. თუმცა ესაა ზოგადი მოცემულობა - შემდეგი რამდენიმე თვე ვგეგმავთ და 7-8 თვეში ვიწყებთ პილოტს”, - განმარტავს ჯეიმს უოლისი.
“რიპლის” ვიცე-პრეზიდენტთან ინტერვიუს სრულ ვერსიას BMGTV-ზე, გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” ეთერში იხილავთ.