2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 56.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 8.14 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. მონეტარული ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში კი 14.1%-ს შეადგენს.
"2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაციის შესახებ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა. მას შემდეგ ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც საერთაშორისო რეზერვების მოცულობის დამატებით ზრდას შეუწყო ხელი. 2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა", - აღნიშნავენ სებ-ში.
მათივე ინფორმაციით, 2026 იანვარ-ივლისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2 მილიარდ 566 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, 2026 წლის აგვისტოს წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 25 სექტემბერს გამოქვეყნდება. საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.




























