2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ სებ-ის “ციფრული ლარის” საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია - Ripple გახდა, რომელიც ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას შექმნის, რაზეც სებ-ი 2020 წლიდან მუშაობს.
“რიპლის” ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიმს უოლისმა BMGTV-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ციფრული ლარის უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი უპირატესობა ფინანსურ გარიგებებში თანხის გადარიცხვის დაყოვნების მინიმუმამდე შემცირებაა.
- უკვე 2 წელია, ციფრული ლარის პილოტზე მუშაობთ, თუ არის უკვე შესაძლებელი, ვისაუბროთ იმ უპირატესობებზე, რომელიც ამ ვალუტას ექნება?
- “ციფრული ლარი, სახელწოდებიდანაც ჩანს, სრულად ციფრულია. გადახდის ელექტრონული სისტემა ბევრი არსებობს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ციფრული ლარით შენ შეგიძლია, შეთანხმება წამებში გააფორმო. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ ციფრული ვალუტა, ეს არის ერთგვარი სქემა. ლეჯერი, რომელიც ამ სისტემაშია გამოყენებული, საშუალებას გაძლევს, რომ, მაგალითად, თუ მინდა 100 ლარი გამოგიგზავნო, შენ ამ 100 ლარს მომენტალურად იღებ - ამიტომ ეს იგივეა, როგორც ნაღდი ფულის გაცვლა. ტრადიციული გადახდის სისტემებს, რომლებიც საკრედიტო ბარათს, ან ჩეკს ან გადახდის სხვა ფორმას იყენებენ, ყოველთვის აქვს გარკვეული დაყოვნება, ზოგჯერ ის სამ დღესაც კი აღწევს. ციფრული ლარი კი მომენტალური გარიგების საშუალებას გაძლევს, რაც საკმაოდ დიდი უპირატესობაა.
მეორე მხრივ, როდესაც წვდომა გაქვს ნამდვილ ციფრულ ფულზე, შენ შეგიძლია დაიწყო ფიქრი გეგმაზე, როგორ გამოიყენებ მას. ყველაზე მარტივი ქეისი ციფრული ვალუტის შემთხვევაში ქეშის ჩანაცვლებაა, რაც უკვე განვიხილეთ. გარდა ამისა, მისი გამოყენება ბანკთაშორის გადახდებშიც შეიძლება, ანუ ერთი ბანკიდან მეორეში.
რაც შეეხება ციფრული ვალუტის მახასიათებლებს, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვადასხვა აპლიკაციებში, როგორც უკვე ვახსენეთ, ფასიანი ქაღალდების შესყიდვაში და სხვა. ციფრული ვალუტა საშუალებას გაძლევს, ინოვაცია და სიახლე შეიტანო იმ აპლიკაციებში, სადაც ამას ნაღდი ფულით ვერ მოახერხებდი”.
- თუმცა, ამავე დროს, შესაძლოა, ციფრულ ვალუტას რისკებიც ახლდეს თან. რა შეიძლება, ამ შემთხვევაში რისკფაქტორი იყოს?
- ვფიქრობ, პირადად მე რამდენიმე ნიუანსი მესახება რისკად. ცალსახაა, რომ პროექტი განვითარების ადრეულ ეტაპზეა, შესაბამისად, ყველაფერი, რაც ახალია, შენთვის უცხოა, ვიდრე მას არ გამოცდი. ჩემთვის ყველაზე დიდი რისკი, სხვათა შორის, პროექტის შეუსრულებლობაა. რადგან გარდაუვალია და ციფრული ვალუტა აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში გამოჩნდება ოდესმე. შესაძლოა, არა ახლა, არამედ რამდენიმე წელიწადში, თუმცა სასურველია, რომ ტექნოლოგიურ განვითარებას რაც შეიძლება მალე დაეწიო. ამიტომ მთავარი რისკი პროექტის არ განხორციელებაა. და ხშირად მეკითხებიან, რა ხდის CBDC ექსპერიმენტს წარმატებულს, ან წარუმატებელს, და მე ვამბობ, რომ ამ წარმატებას სამი განზომილება აქვს. პირველი რეგულაციებია - აუცილებელია გამართული საკანონმდებლო გარემო, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნაც კია. მეორე განზომილება თავისთავად ტექნოლოგიაა. მან გამართულად უნდა იმუშაოს, შეუფერხებლად, უსაფრთხოდ და სწრაფად. თუმცა მესამე და, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, იმის განსაზღვრაა, როგორ გამოიყენებენ ამ ვალუტას. დაფიქრდით, ახლავე რომ გქონდეთ ციფრული ლარი მობილურში, რატომ გამოიყენებდით მას ბარათების ან ნაღდი ფულის ნაცვლად? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გარკვეული ბენეფიტები ახლავს, ხომ? აუცილებელია ამ უპირატესობების განსაზღვრა, სხვანაირად ციფრული ლარის არსებობას აზრი არ აქვს. რასაკვირველია, მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ბევრი უპირატესობის მოტანა შეუძლია. იმავეს ფიქრობს ეროვნული ბანკიც, მთავარია, მოსახლეობას დავანახოთ ისინი”.