საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს ფაქტი არა - ხვალ, არამედ - იანვარში შედგეს. საქმე ის არის, რომ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უნგრეთი ამ დრომდე ეწინააღმდეგება. კონსენსუსის არარსებობამ კი, პოლიტოლოგის აზრით, შესაძლოა, გავლენა საქართველოს საკითხზეც იმოქმედოს. საკითხზე მან BMG tv-ის გადაცემა "წერტილში" ისაუბრა.
- არსებობს გარკვეული საშიშროება, რომ გადაწყვეტილების მიღების ვადამ გადაიწიოს, მაგრამ შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება უკვე შემდგარი ფაქტია, თუ, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ექსცესი არ მოხდა - მაგალითად ისეთი, როგორიც იყო „რუსული კანონის“ მიღების მცდელობა იყო.
- თუ უნგრეთის დარწმუნება ვერ მოხერხდა, შესაძლებელია, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საკითხები ცალ-ცალკე განიხილონ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა?
- შესაძლებელია... ვფიქრობ, ევროკავშირი იმოქმედებს რაციონალურად და თუკი საჭირო გახდება, საქართველოს და უკრაინის საკითხებს ერთმანეთს დააცილებს, რადგან „თუ უკრაინას არ დაუჭერთ მხარს, ჩვენ საქართველოს არ მივცემთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“ - უნგრეთისთვის ასეთი ულტიმატუმის წაყენებას აზრი არ აქვს. სინამდვილეში ვიქტორ ორბანი არაა საქართველოს მეგობარი და მოკავშირე. ის, პირველ რიგში, თავისი ნახევრად დიქტატორული რეჟიმის ძალაუფლებაში ყოფნისთვის მებრძოლი ადამიანია და ყველაფერს ამისთვის აკეთებს.
- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ევროპელ ლიდერებს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ასევე, ის ირწმუნება, რომ საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს განზრახული, გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე... როგორ აფასებთ პრემიერის ამ განცხადებას იმ ძველი განცხადებების ფონზე, რომელიც მმართველი ძალისგან გვესმოდა...
- ალბათ ეს სწორი მიმართვაა, რომელიც უნდა გაეკეთებინა მაშინაც, როდესაც საქართველომ მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო. ამდენად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მისასალმებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფაქტი დამახინჯებულია; მაგალითად ის, რომ თურმე საქართველო ყველა რეფორმას წარმატებით ასრულებს და ა.შ. როცა ევროკომისიის გადაწყვეტილებაში პირდაპირ ეწერა, რომ ითვალისწინებენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას. მეორე მხრივ, კარგია, რომ მთავრობის მეთაური რეფორმების გაგრძელების ვალდებულებებს იღებს; ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველოს სვლა ევროპისკენ უფრო ცხადი იქნება და არ იქნება დისკუსია, რა სჯობს - რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა, ვინაიდან რუსეთი მოიგებს უკრაინაში თუ ევროპასთან და ნატოსთან დაახლოება.
- ანუ თქვენი აზრით, რადგან უკვე გარანტირებულია, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მმართველმა ძალიან ნარატივი ამიტომ შეცვალა?
- მათ უჭირთ წავიდნენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მმართველი პარტიის მიერ ჩატარებულმა კვლევებმაც აჩვენა, რომ შეუძლებელია, შეცვალო მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განწყობა, მათ შორის საკუთარი მხარდამჭერების, ამიტომ ჩათრევას რომ ჩაყოლა სჯობს, ეს არის „ქართული ოცნების“ საქციელი; თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე, ისინი <ქართული ოცნება> უარს იტყვიან ისეთი რეფორმების გატარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს და პოლიტიკურ აქტორებს, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწიონ საარჩევნო არენაზე.
- თქვენ ფიქრობთ, რომ მმართველ ძალას არ უნდოდა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება? სხვადასხვა საზოგადოებრივი კვლევებიც შედეგებიც აჩვენებს, რომ მოქალაქეებს აბნევთ „ქართული ოცნების“ არათანმიმდევრული განცხადებები....
- დიახ, NDI-ის გამოკითხვამაც აჩვენა, რომ მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, აკეთებდა თუ არა მთავრობა საკმარისს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ვინაიდან მმართველი ძალისგან დამაბნეველი გზავნილები მოდიოდა. თან ეს გზავნილები ერთიანდება საერთო ქოლგით - მთავრობას არ სურს არცერთი ისეთი რეფორმის გატარება, რომელიც ხელს შეუშლის მათ ხელში არსებული ძალაუფლების მონოპოლიის დამსხვრევას ან შერყევას. ევროკავშირთან დაახლოება კი, პირველ რიგში, მოიცავს იმას, რომ ხელისუფლების შტოებს შორის იყოს ძალთა ბალანსი, მოსახლეობის აზრი იყოს თანასწორად გამოხატული მმართველობის ორგანოებში; ეს კი გამოიწვევს იმას, რომ „ოცნებას“ არ ეყოლება ერთპარტიული მთავრობა. წინა არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არ მიუღია ხმების 50%-ზე მეტი. გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ოცნების“ მხარდაჭერა 25%-დან 35%-მდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ისეთი კონსტრუქუცია, რომელიც 35%-იან მხარდაჭერას ზუსტად 35%-ში გადათარგმნის ანუ დემოკრატიული იქნება, „ოცნებისთვის“ შემზარავი მომავალია, სწორედ ამას ებრძვის მმართველი ძალა. სწორედ ამიტომ არის არათანმიმდევრული მათი გზავნილები, რომელიც ხან ევროპულ ღირებულებებს იღიარებს, ხან ამბობს, რომ წინააღმდეგია.
- სინამდვილეში ვინ არის „ქართული ოცნება“?
- ოცნება არის ოპორტუნისტების ჯგუფი, რომელთაც სურთ ყველა საშუალებით შეინარჩუნონ ძალაუფლება, რადგან აქვთ შინაგანი რწმენა, რომ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებზე მეტად აღმატებულები, ჭკვიანები, კარგები და კეთილები არიან და არ სურთ, ანგარიშვალდებულები იყვნენ ვინმეს მიმართ. ერთადერთი, ვინც არ მოსთხოვს „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიულ რეფორმებს, ეს არის ჩინეთი, რუსეთი, ჩვენი მეზობლები - ავტორიტარული ქვეყნები.