მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩეხეთის პრემიერი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოც.ქსელების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

ჩეხეთი

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა 8 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ქვეყანაში 15 წლის ასაკამდე მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვას.

როგორც ჩეხეთის ლიდერმა თქვა, თანამედროვე სოციალური ქსელები “საშინლად დიდ საფრთხეს შეიცავს” ბავშვებისთვის და ახალი რეგულაციების შემოღება სწორედ მათ დასაცავად უნდა იქნეს შემოღებული. ანდრეი ბაბიშის განცხადებას მალევე გამოეხმაურა პირველი ვიცე-პრემიერი, კარელ ჰავლიჩეკი, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო მუშაობა შესაბამისი კანონმდებლობის მომზადებაზე. როგორც Reuters-ი წერს, ჩეხეთის მთავრობა წინადადების პარლამენტისთვის წარდგენა და მისი კანონად ქცევა წლის ბოლომდე აქვს დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთი არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც მსგავსი ზომები მიიღო ან მიღებაზე დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ პრეცედენტი დაუშვა და გასული წლის დეკემბრის თვეში სოციალური მედიის არასრულწლოვნებისთვის შეზღუდვა აამოქმედა, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაიწყო მსგავსი რეგულაციების დაწესებაზე ფიქრი. მათ შორის გამოირჩევიან ევროპული სახელმწიფოები, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი და, ახლა უკვე, ჩეხეთიც. შეზღუდვებზე მუშაობენ სამხრეთ კორეასა და იაპონიაშიც.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავს მიდგომებს სოციალური პლატფორმების შემქმნელები მეტწილად მხარს არ უჭერენ და კომპანიების საქმიანობის შეზღუდვად აფასებენ, თუმცა ნაწილი მზადაა, ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებთან და ხელი შეუწყოს რეგულაციების უპრობლემოდ დაწესებას. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ სოციალურ ქსელებზე მსგავსი შეზღუდვების ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნების მთავრობები მიხვდნენ, რომ თავად პლატფორმების შემქმნელები არასაკმარის ნაბიჯს დგამდნენ მოზარდების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დასაცავად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები