რესპუბლიკელი კონგრესმენის, "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე ჯო უილსონის თქმით, მისი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. მან ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, "ქართული ოცნების" განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
საქმე ისაა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს 8 იანვრის განცხადებაში ჯო უილსონი ე.წ "დიფ სთეითის" ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებადაა მოხსენიებული და ნათქვამია, რომ ის "დეგრადირებული პოლიტიკოსია", რომელიც საქართველოს “აშანტაჟებს”. ასევე გაკეთდა განცხადებები, რომ მას საქართველოზე აქტიურობაში ფულს უხდიან.
"საქართველოში ვიზიტებისას, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იქ გავიცანი. ასე რომ, ჩემი ინტერესი არაფერია, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა ჰქონდეს.
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის ვიბრძოდი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის და ამან შედეგიც გამოიღო. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართველ ხალხს, რომ მათ საბოლოოდ ჰქონდეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები",- განაცხადა უილსონმა.