ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ DRG მოდელის შედეგად ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები შემცირდება. როგორც მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა, მიზანი არა ეკონომიის გაკეთება, არამედ ოპტიმიზაციაა.
„DRG-ის შედეგად ჯანდაცვაზე დანახარჯების შემცირება რა თქმა უნდა, მოსალოდნელია. მოდელი სწორედ საამისოდაა განსაზღვრული, რომ მთლიანი დანახარჯების რაოდენობა იყოს პროგნოზირებადი და მეორე მხრივ, შემცირებაზე ორიენტირებული. თუმცა ხარისხი არ უნდა დაგვავიწყდეს. ოპტიმიზაცია მოხდება. ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის, რომ ეკონომია გავაკეთო რაღაცის ხარჯზე. მიზანია, ბევრ ვუმკურნალო ეფექტიანად და ფულით, რომელიც მინდობილი აქვს სამინისტროს, რაც შეიძლება მეტი სერვისი იყოს შეძენილი, რომელიც მოქალაქეებს წაადგებათ, ესაა ამოცანა“, - განაცხადა მინისტრმა.