მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი მიზანია, საქართველოს რუსული წნეხიდან გათავისუფლება - პრეზიდენტი

6426a11cf377f
მარიამ იზორია
31.03.23 13:17
436
“ჩემი მიზანია საქართველოს გაყვანა იმ სამყაროში, სადაც მისი იდენტობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი ხელშეუხელებელი იქნება” - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური ანგარიშით მიმართავს და მთავრობის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს. 

პრეზიდენტის განცხადებით, ეს მიზანი საბოლოოდ საბჭოთა და რუსული წნეხიდან გათავისუფლების დასრულება და საქართველოს საუკუნოვანი ევროპული მისწრაფების აღსრულებაა.

“6 მიზანი, რომელიც გვაერთიანებს დღეს მე და ხალხს იყო მაშინაც ჩემთვის გადამწყვეტი, როცა წარვდექი თქვენს წინაშე საპრეზიდენტო არჩევნებზე. და მეტიც, ეს ჩემი ცხოვრების უცვლელი მიზანი იყო - საქართველოს გაყვანა იმ სამყაროში, სადაც მისი იდენტობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი ხელშეუხელებელი იქნება. Ანუ, საბჭოთა და რუსული წნეხიდან გათავისუფლების დასრულება და საქართველოს საუკუნოვანი ევროპული მისწრაფების აღსრულება! ემიგრაციაში, სადაც გავიზარდე, ეს მიზანი იყო ერთადერთი მამოძრავებელი” - ამბობს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საბჭოთა ოკუპაციის 70 წლის განმავლობაში ემიგრაციის ბრძოლაც სწორედ ამ მიზანს - საბჭოთა ძალის დამარცხებას ემსახურებოდა და როგორც მაშინ საბჭოთა კავშირს, ახლა რუსეთს მოუწევს ახალ რეალობას თვალი გაუსწოროს.

“ვინც მაშინ ფიქრობდა, რომ ეს იმედი და რწმენა რეალობას აცდენილი იყო, თვითონვე აღმოჩნდა ისტორიის მიღმა. იგივე ელის მათ, ვინც დღესაც ვერ ხვდება, რომ მსოფლიო იცვლება და ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ იმარჯვებს. როგორც გუშინ საბჭოთა კავშირს, რუსეთსაც ელის ახალ რეალობას გაუსწოროს თვალი.

იგივე მიზანი მამოძრავებდა, როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დავთანხმდი. დღესაც არ ვნანობ და კიდევაც ვამაყობ მიღწეული შედეგით - რუსეთის ბაზების გაყვანა ქვეყნიდან (ანუ ერთადერთი ორმხრივი შეთანხმება, ორნახევარი საუკუნის მანძილზე, რომელიც რუსეთმა არ დაარღვია) და ჩვენი დიპლომატიის ახალ საწყისებზე დაყენება, ზუსტადაც ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ორივე ემსახურებოდა მთავარ მიზანს - სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გამყარებას. ჩემი და იმდროინდელი მმართველი ჯგუფის გზები სწორედ მაშინ გაიყო, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას დაუმორჩილეს მთავარი გამოცხადებული მიზანი - ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი.

მე კი არ შევცვლილვარ, ისინი შეიცვალნენ! იგივე მიზანი მამოძრავებდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, რწმენა, რომ ახალი ხელისუფლება გაგვიყვანდა სამშვიდობოზე და განახორციელებდა ჩვენს ევროპულ ოცნებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ახლაც იგივეს ვიტყვი: მე არ შევცვლილვარ და მინდა მჯეროდეს, რომ თქვენც არ შეცვლილხართ! ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხის ნება უცვლელია!” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები