საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი მზადაა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატს მხარი დაუჭიროს, თუ მას პრეზიდენტი წარადგენს. პაატა კვიჟინაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანდიდატი ყველასთვის მისაღები უნდა იყოს.
"თუ მოლაპარაკებებზე წამოვა პრეზიდენტი და წარადგენს კანდიდატებს, მზად ვართ, ყველა განვიხილოთ და უმოკლეს ვადაში დავამტკიცოთ. ყველა ქვეყანაში მიღებულია პრაქტიკა, რომ კონსულტაციები უნდა გაიმართოს. რას გვეუბნება ევროკავშირი? ევროკავშირის მთავარი საკითხი დაძაბულობა კი არა - კონსენსუსია. შეიძლება ვიღაც არ მოგვწონდეს; შეიძლება სხვას ვიღაც არ მოსწონდეს და ა.შ. შეიძლება ისეთი იყოს, რომ ჩვენთვის მიუღებელი იქნება. მიუღებელი კანდიდატი არ უნდა იყოს", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ BMG-თან.
ამასთან, BMG-თან დეპუტატმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევის მიზეზი მხარეებს შორის შეუთანხმებლობა იყო.
"პრეზიდენტის კანონსა და ჩვენს კანონს შორის დიდი განსხვავება არ იყო. ჩვენ ვთვლიდით, რომ ჩვენი ჯობდა. იმიტომ, რომ იქ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ამოღებული იყო. ვთვლიდით, რომ ჩვენი ჯობდა, მაგრამ არ იყო პრინციპული, შეთანხმება თუ მოხდებოდა, ჩვენი გავიდოდა თუ სალომესი. თუ შეთანხმება შედგებოდა, მზად ვიყავით ვეტო არ დაგვეძლია", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
თუ "ეროვნული ბანკის შესახებ კანონის" მიღება პრინციპული არ იყო და სალომე ზურაბიშვილის შენიშვნის გათვალისწინება შეიძლებოდა, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შენიშვნები და ამ პროგრამის შეჩერების საკითხი არ გაითვალისწინეთ?
"დადგა ის სიტუაცია, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის შანსი არ გვიჩნდებოდა და არ გვინდოდა ეროვნულ ბანკში გაურკვევლობა ყოფილიყო. ცხოვრებაში პრიორიტეტების არჩევაა მთავარი, როცა პრიორიტეტებს ვერ ვარჩევთ, ბევრი უბედურება გვემართება. კანონში ორი პუნქტი გვქონდა: თუ ბანკს პრეზიდენტი არ ჰყავს, მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თუ ისიც არ არის, საბჭო ავალებს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს. პირველი დეკემბრიდან კანონში ეწერება, რომ იქნება პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ორი ვიცე. შესაბამისად, კანონი დაუბრუნდება თავის ჩარჩოს”, - აღნიშნა დეპუტატმა, თუმცა ლაშა ხუციშვილზე დასმულ კითხვას პირდაპირ არ უპასუხა.