მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი როლი არ არის ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ ან არ დაუჭირონ მხარი. ეს იქნებოდა აშკარა ჩარევა - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ მისი როლია ღიად თქვას, რა ეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში და რა აშორებს ამ მიზანს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელჩს ჰკითხეს „ქართული ოცნების“ განცხადებებზე წინასაარჩევნოდ საგარეო ჩარევის შესახებ, რაზეც ელჩმა აღნიშნა, რომ მისი როლი არ არის მოქალაქეებს უთხრას რომელ პარტიას დაუჭირონ ან არ დაუჭირონ მხარი. ჰერჩინსკის თქმით, სწორედ ეს იქნებოდა აშკარა ჩარევა.

„საქართველომ ორ წელზე მეტი ხნის წინ გააკეთა განაცხადი, რათა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო. აქ გამომგზავნეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა, რათა წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია ქართული ხელისუფლების მიმართ. ჩემი როლი არ არის ვუთხრა ქართველებს, რომელიც პარტიას დაუჭირონ ან არ დაუჭირონ მხარი. ეს იქნებოდა აშკარა ჩარევა. მე ამას არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია, ვუთხრა ყველას ხმამაღლა და გასაგებად, რა ეხმარება საქართველოს წავიდეს წინ, რათა ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი და რა არის საქართველოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ გახდომის საწინააღმდეგო. ეს არის ის, რის გაკეთებასაც პირველი დღიდან ვცდილობ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმის ნაწილში გასულ თვეებში ბევრი დრო დაიკარგა და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა, სწრაფად განახლდება მუშაობა ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის.

„მომიტევეთ, რომ თავმდაბალი არ ვარ, მაგრამ ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ როგორც ევროკავშირმა, ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს ერთ-ერთი ჩვენგანი, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. ასევე ჩემი როლია, გამოვიყენო ყველა ინსტრუმენტი, რაც გვაქვს ევროკავშირს, რათა დავეხმაროთ ამ პროცესის წინსვლას, მაგრამ ახლა ეს პროცესი ქართული ხელისუფლების ხელშია. ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვით, რა რეფორმებია საჭირო. დაახლოებით ერთი წლის წინ, გამოვაქვეყნეთ პირველი გაფართოების ანგარიში დეტალური რეკომენდაციებით, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ ვთარგმნეთ ეს გაფართოების ანგარიში ე.წ. ცხრა ნაბიჯში. ყველამ იცის, რისი გაკეთებაა საჭირო, თუმცა, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ჩემი პასუხისმგებლობაა, ვთქვა ხმამაღლა და ნათლად, რომ ბოლო რამდენიმე თვე დაიკარგა და, სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, წინ წავსულიყავით საჭირო რეფორმებით, ბევრი უარყოფითი რამ ხდება. იყო ბევრი გადაწყვეტილება, რომელსაც ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირთან დაეახლოებინა, სრულიად შეუთავსებელი იყო ჩვენს ძირითად ღირებულებებთან“,- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები