ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, იგი საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე და ამ მიზნისთვის სხვა ქვეყნებში სიარული მისი ვალდებულებაა.
"მე ვიცი თქვენ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის და როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ვიცი რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, ეს იქნება კორუფცია, გადინება ქვეყნიდან ,სრულიად უკონტროლოდ რუსების შემოსვლა ქვეყანაში - ეს ყველაფერი იქნება მოგვარებული ნაბიჯ-ნაბიჯ როცა ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირს.
ეს არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა. ამიტომ, მე არსად არ მივდივარ. ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს... მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას რადგან მე ეს ფიცი იმ დღეს დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია როგორც საქართველოს პრეზიდენტის და ბოლომდე ამ ფიცის ერთგული ვიქნები, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ: "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, იმპიჩმენტი პრეზიდენტის მიერ "კონსტიტუციის დარღვევით" არის განპირობებული, რაც მის მიერ უცხოეთში - გერმანიასა და ბელგიაში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება, რისთვისაც მას მთავრობამ ნებართვა არ მისცა.
კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე „ქართული ოცნება“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსაც.