მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა საარჩევნო ბანერს მივაწერდი, რომ ერთად ავიცრათ - გამყრელიძე

613210a74eb92
ინგა მურუსიძე
03.09.21 16:24
624
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა საარჩევნო ბანერს, რომელიც გამოკრულია მივაწერდი, რომ ერთად წავიდეთ და ავიცრათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ქვეყნის მასშტაბით, ძალიან ბევრი წინასაარჩევნო ბანერია გამოკრული, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 1000 ეკუთვნის. BM.GE დაინტერესდა, რატომ ვერ ვხედავთ ბილობორდებს აცრისკენ მოწოდებით?

„მე ბევრჯერ დავსვი საკითხი და მოვუწოდე ყველა პარტიის პოლიტიკოსებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში მთავარი სლოგანი უნდა იყოს, რომ ყველა უნდა ავიცრათ და აცრა გადარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. აცრაზე გადის ქვეყნის განვითარების მთავარი გზა, ეკონომიკური განვითარების მთავარი გზა. დღეს აცრა არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა საარჩევნო ბანერს, რომელიც გამოკრულია მივაწერდი, რომ ერთად წავიდეთ და ავიცრათ. ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბანერზეა გამოსახული, ვთხოვდი, რომ თავისი აცრის სურათი ერთ-ერთ ბანერზე დადონ და ხალხს აჩვენონ, რომ დღეს ყველაზე მთავარი არის სწორედ აცრა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, სწორედ მერობის და საკრებულოების წევრობის კანდიდატები უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე აიცრას.

მისივე თქმით, თუ ყველა გაერთიანდება და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს, შესაძლებელია, რომ სექტემბერში 2 მლნ აცრა ჩატარდეს და ოქტომბერში სიტუაცია დაწყნარდეს.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არის არასაკმარისი რაოდენობის ბილბორდები, თუნდაც დედაქალაქში და რა უშლის ამას ხელს, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ „თბილისში ბანერები არის, თუმცა არასაკმარისი“.

რაც შეეხება BM.GE-ს შეთავაზებას, კანდიდატებმა საარჩევნო შეხვედრებზე თუნდაც თითო ექიმი ატარონ, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს რჩევა გაითვალისწინა და წამოწია ბევრ ადგილას.

„ბევრ ადგილზე ვთქვი, საკოორდინაციო საბჭოზეც და მოვუწოდე პოლიტიკოსებს, რომ ყველა შეხვედრაზე ატარონ ექიმები, ან ექიმების გზავნილები გააცნონ მოქალაქეებს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები