ამერიკული ნავთობგიგანტები, როგორიცაა Chevron-ი და ExxonMobil-ი აზერბაიჯანის მიმართ სულ უფრო მზარდ ინტერესს იჩენენ. როგორც აზერბაიჯანული გამოცემა Report წერს, ამის შესახებ Energy Intelligence Group-ის ნავთობის ბაზრის ეკონომისტმა ჟულიენ მათონიერმა ბაქოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ეს სრულიად ახალი ტენდენციაა.
„ამ კომპანიებს იზიდავს აზერბაიჯანის სტრატეგიული პოზიცია, როგორც კასპიის რეგიონიდან ექსპორტის მარშრუტი. Chevron-ი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ყაზახეთში, კასპიის ზღვის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მის „თენგიზის“ საბადოზე წარმოებული ნავთობის აზერბაიჯანის გავლით ექსპორტის პოტენციალით. Chevron-მა გაყიდა 9.57%-იანი წილი აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის (ACG) ბლოკში, მათ შორის თავისი წილი დასავლეთის საექსპორტო მილსადენში. კომპანიას ასევე ეკუთვნოდა 8.9%-იანი წილი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენში, რომელიც 2020 წელს დაახლოებით 1.5 მილიარდ დოლარად მიჰყიდა უნგრეთის ნავთობგადამმუშავებელ კომპანია MOL-ს",- თქვა მან.
მათონიერმა დასძინა, რომ არსებობს ვარაუდები - განსაკუთრებით ბაქოში და შესაძლოა, დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში - იმის შესახებ, რომ Chevron-მა, შესაძლოა, განაახლოს ინტერესი დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის, იგივე ბაქო-სუფსის მილსადენის მიმართ, რომელიც ბაქოდან საქართველოს სუფსის პორტამდე გადის.
„ის ფაქტი, რომ ეს საუბარი მიმდინარეობს, საკმაოდ საინტერესოა“,- ამბობს ის.
ეკონომისტის თანახმად, აზერბაიჯანი ევროკავშირში ექსპორტს აძლიერებს.
"ამბიციაა ევროკავშირში გაზის ექსპორტის 2027 წლისთვის 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაორმაგება. აზერბაიჯანი ასევე გეგმავს ყოველწლიურად 1.2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს სირიაში თურქეთის გავლით - კვლავ შაჰ-დენიზის უზარმაზარი მარაგების გამოყენებით",- აცხადებს ის.




























