მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯონ როკფელერი - როგორ გახდა ბუღალტერი მსოფლიოს პირველი მილიარდერი

როკფელერი

როდესაც დღეს მილიარდერებზე ვფიქრობთ, ალბათ ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი ან უორენ ბაფეტი გვახსენდება. თუმცა გზა მათთვის ჯონ დი როკფელერმა გაკვალა - ადამიანმა, რომელიც მსოფლიოში პირველი მილიარდერი გახდა. 1937 წელს, როდესაც ნავთობის დინასტიის დამფუძნებელი გარდაიცვალა, მისი ქონება 1.4 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რაც დღეს 30 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია.

ჯონ როკფელერი 1839 წელს, ნიუ-იორკში, ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. მამამისი, ბილი, თაღლითი და მოხეტიალე ვაჭარი იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ კიბოს განკურნება შეეძლო და სახლში იშვიათად ჩერდებოდა. ახალგაზრდა როკფელერზე დიდი გავლენა დედამ მოახდინა, რომელმაც მას შრომისა და ფულის ღირებულება ასწავლა. მომავალი მეწარმის პირველი სამუშაოები ინდაურების მოშენებას, ტკბილეულის გაყიდვასა და მეზობლებისთვის დავალებების შესრულებას მოიცავდა.

როკფელერის ბიზნეს ალღო მაშინ ამუშავდა, როდესაც მისი ოჯახი ოჰაიოში გადავიდა საცხოვრებლად. 1855 წელს, როცა ჯონი სულ რაღაც 16 წლის იყო, მან საოფისე სამსახური იშოვა მცირე საკომისიო ფირმაში, რომელიც ისეთი საქონლით ვაჭრობდა, როგორებიცაა ნახშირი და მარცვლეული. ის ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე დღეში 50 ცენტს გამოიმუშავებდა.

20 წლის ასაკისთვის როკფელერმა საკმარისი ისწავლა იმისთვის, რომ დამოუკიდებლად ემოქმედა. 1859 წელს დააფუძნა სავაჭრო კომპანია, რომელიც თივას, ხორცსა და მარცვლეულს ყიდდა. პირველივე წლის ბოლოს საწარმოს ბრუნვამ, დღევანდელი კურსით, 450,000 დოლარი შეადგინა.

ასევე 1859 წელს ამერიკაში ნავთობის პირველი ჭაბურღილი გაბურღეს. ამ ისტორიულმა მომენტმა როკფელერს ნავთობის ინდუსტრიაში შესვლისკენ უბიძგა.

თუმცა, მოპოვების ნაცვლად, მან გათვალა, რომ გადამუშავების პროცესი უფრო მოგებიანი იქნებოდა და რამდენიმე პარტნიორთან ერთად კლივლენდში საკუთარი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა გახსნა. ორ წელიწადში ის რეგიონში ყველაზე მსხვილი საწარმო გახდა, რამაც ახალგაზრდა ბიზნესმენს უბიძგა, მთელი ყურადღება ნავთობზე გადაეტანა. 1865 წელს როკფელერმა ფული ისესხა, პარტნიორების წილები გამოისყიდა და ქარხანაზე სრული კონტროლი მოიპოვა.

როკფელერს ფანტასტიკური ბიზნეს ალღო ჰქონდა და მუდამ მომავალზე ფიქრობდა. 1865 წელს მან ყურადღება მიაქცია პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის ინიციატივას, ტრანსკონტინენტური რკინიგზის შესახებ და ივარაუდა, რომ სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური რკინიგზის ხაზები აშენდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ნახშირი საწვავის მთავარი წყარო იყო, როკფელერმა წინასწარჭვრიტა, რომ საბოლოოდ მას ნავთობი ჩაანაცვლებდა. 1870 წელს როკფელერმა ძმასთან, უილიამთან და ინდუსტრიალისტ ჰენრი ფლაგლერთან ერთად დააარსა კომპანია Standard Oil.

Standard Oil-მა თავისი ძალაუფლება მეცნიერების დაქირავებით გაზარდა, რათა ნავთობის პროდუქტებისთვის ახალი დანიშნულება მოეძებნათ. მზარდი მოგების ფონზე, როკფელერმა მომდევნო ორი წელი კონკურენტების შესყიდვას დაუთმო და შექმნა ამერიკის პირველი მონოპოლია. მან ოთხ თვეზე ნაკლებ დროში 22 ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა შეიძინა და ხელში ჩაიგდო კლივლენდის ბაზრის 80%-ზე მეტი.

ამ მასშტაბურმა შესყიდვებმა, რომლებსაც ხშირად "კლივლენდის ხოცვა-ჟლეტად" მოიხსენიებენ, Standard Oil Trust-ის შექმნა გამოიწვია. სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, სწორად Standard Oil Trust აკონტროლებდა შეერთებულ შტატებში ნავთობის წარმოების, მარკეტინგისა და ტრანსპორტირების თითქმის მთელ ციკლს.

როკფელერი, შესაძლოა, დიდად იყო დამოკიდებული რკინიგზაზე ნავთობის გადასაზიდად, მაგრამ ინდუსტრია ასევე დამოკიდებული იყო მასზე. მისი ნავთობი სარკინიგზო გადაზიდვების დაახლოებით 40%-ს შეადგენდა. როკფელერისთვის მეტად მოგებიანი წლების შემდეგ, რკინიგზის მაგნატებმა, კორნელიუს ვანდერბილტმა და ტომ სკოტმა, გადაზიდვის ტარიფების გაზრდა სცადეს. გამჭრიახმა როკფელერმა საპასუხო დარტყმა მიაყენა: მან სოფლებში 4,000 მილის სიგრძის მილსადენი გაიყვანა. ამ გზით ნავთობი ოჰაიოდან პენსილვანიაში მიედინებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის აღარ იყო დამოკიდებული რკინიგზაზე. დაუჯერებელია, მაგრამ ამან ქვეყნის სარკინიგზო კომპანიების დაახლოებით მესამედის გაკოტრება გამოიწვია.

როდესაც ჩრდილოეთ ამერიკა 1873 წლის ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა, როკფელერმა, როგორც ყოველთვის, ისარგებლა შემთხვევით და Standard Oil-ის კიდევ უფრო მეტი კონკურენტი ჩალის ფასად შეისყიდა. როკფელერის თამამმა ნაბიჯებმა გაამართლა: ათ წელიწადში, 100,000 თანამშრომლითა და 20,000 ადგილობრივი ჭაბურღილით, Standard Oil Trust ქვეყნის ნავთობის 90%-ს აკონტროლებდა.

ამ მომენტისთვის კომპანიამ პიკს მიაღწია. მე-19 საუკუნის ბოლომდე ეს წილი დაახლოებით 80%-მდე დაეცა და აღარ გაზრდილა. როგორც ამბობენ, როკფელერმა გააცნობიერა, რომ საზოგადოება მათ წინააღმდეგ განეწყობოდა, თუკი ისინი ნავთობის 100%-ს გააკონტროლებდნენ.

პრესა როკფელერს დაუნდობელ და არაეთიკურ ბიზნეს მაგნატად წარმოაჩენდა. გამოცემები გმობდნენ მის ტაქტიკას, აკრიტიკებდნენ ფარულ გარიგებებსა და შეთანხმებებს. ბიზნეს მაგნატს მოულოდნელი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის სახითაც, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ტრასტების ძალაუფლების დასრულება მოითხოვა.

მთავრობამ Standard Oil Trust-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სარჩელი შეიტანა. ამ მომენტისთვის როკფელერი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად უკვე ითვლებოდა.

როკფელერს მოუწია, გაეძლო ხანგრძლივი სასამართლო პროცესისთვის, რომელმაც გამოააშკარავა მისი ბიზნეს ტაქტიკის დეტალები, მათ შორის უსამართლო ფასწარმოქმნის, ქრთამებისა და დაშინების ბრალდებები. 1911 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ Standard Oil-ის საქმიანობა არღვევდა შერმანის ანტიმონოპოლიურ აქტს. როკფელერს ბიზნესის დასაშლელად ექვსი თვე მიეცა.

Standard Oil-ის დაშლის შედეგად როკფელერმა 34 პატარა კომპანია შექმნა, რამაც საბოლოოდ ის უფრო გაამდიდრა, ვიდრე ოდესმე. ამ კომპანიებს შორის იყო ისინიც, რომლებიც მოგვიანებით Chevron და ExxonMobil გახდნენ - დღევანდელი ნავთობინდუსტრიის მთავარი მოთამაშეები. 1916 წლისთვის გაზეთები როკფელერს მსოფლიოს დოლარის პირველ მილიარდერად მოიხსენიებდნენ.

1937 წელს, როდესაც ის 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, როკფელერს ქველმოქმედებისთვის უკვე შეწირული ჰქონდა 530 მილიონ დოლარზე მეტი, რაც დღევანდელი კურსით 11.8 მილიარდი დოლარის ტოლფასია.

სიცოცხლის განმავლობაში მან დააარსა ოთხი საქველმოქმედო ფონდი, ფულს დებდა განათლებაშიც. ათობით მილიონი შესწირა ჩიკაგოს უნივერსიტეტს და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ჰარვარდს, იელს, კოლუმბიასა და ბრაუნს. როკფელერის ფონდის საერთაშორისო ჯანმრთელობის განყოფილება ებრძოდა სხვადასხვა დაავადებას.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯონ დ. როკფელერმა ააშენა უდიდესი დინასტია. დღეს Forbes-ის მიხედვით, მისი ოჯახი კვლავ ფლობს დაახლოებით 10.3 მილიარდი დოლარის ქონებას. გავრცელებული ინფორმაციით, ეს თანხა ოჯახის 200-ზე მეტ წევრს შორისაა განაწილებული.

როკფელერების ოჯახი დღემდე აქტიურია ქველმოქმედებაში და მტკიცედ არის ორიენტირებული გლობალური ჯანდაცვისა და შიმშილის პრობლემებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები