მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩილეს ხელისუფლება ლითიუმის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას გეგმავს - რას ნიშნავს?

6447ca4cbd3eb
გიორგი არონია
26.04.23 00:00
2706

ლითიუმის უმსხვილესი რეზერვების მქონე ქვეყნის, ჩილეს ხელისუფლება ლითიუმის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას გეგმავს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ინდუსტრიის ნაციონალიზაცია ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და გარემოს დაცვას ემსახურება. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, ჩილეში ლითიუმის მოპოვებას მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლების - SQM-ისა და Albemarle-ის ნაცვლად სახელმწიფო კომპანია უზრუნველყოფს.

“ეს საუკეთესო შესაძლებლობაა მდგრად და განვითარებულ ეკონომიკად გადასაქცევად - ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ”, - განაცხადა გაბრიელ ბორიჩმა. პრეზიდენტის განცხადებით, SQM-თან და Albemarle-ისთან არსებული მიმდინარე კონტრაქტები არ გაუქმდება, მაგრამ, ამასთან, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები სახელმწიფოსთან მომავალშიც ითანამშრომლებენ. ცნობისთვის გეტყვით, რომ SQM-თან გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2030 წელს გასდის, Albemarle-ის კონტრაქტს კი - 2043 წელს. მოგვიანებით, ახალი კონტრაქტები სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს შორის გაფორმდება.

გაბრიელ ბორიჩის ამგვარი გადაწყვეტილება უპრეცედენტო არ არის, რადგან მიმდინარე წლის თებერვალში მსგავსი გადაწყვეტილება მექსიკის პრეზიდენტმაც მიიღო - ინდონეზიამ კი, 2020 წელს, ნიკელის მადნის ექსპორტი აკრძალა. თუმცა, ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩილეს შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან ქვეყანა ლითიუმის გლობალური რეზერვების 40%-ს ფლობს, ანუ გაცილებით მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა - ამასთან, ის ლითიუმის რიგით მეორე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. წარმოებით პირველ ადგილს ავსტრალია იკავებს, რომელიც ჩილეზე ორჯერ მეტ ლითიუმს აწარმოებს, მაგრამ გლობალური რესურსების მხოლოდ 25%-ს ფლობს. ჩილეს და ავსტრალიის გარდა, გლობალური რესურსების მეათედზე მეტს არც ერთი ქვეყანა არ ფლობს.

ლითიუმის გლობალური რეზერვები შემდეგნაირად გამოიყურება:

ჩილე - 9.2 მლრდ ტონა

ავსტრალია - 4.7 მლრდ ტონა

არგენტინა - 1.9 მლრდ ტონა

ჩინეთი - 1.5 მლრდ ტონა

აშშ - 750 მლნ

სხვა - 3 მლრდ ტონა

ცხადია, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ თავად კომპანიებზეც, რომელთაც ჩილეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება პირველ რიგში შეეხებათ - ცხადია, საუბარია SQM-სა და Albemarle-ზე, რომლებიც ლითიუმით Tesla-ს, LG Energy Solutions-სა და ელექტრობატარეების სხვა მწარმოებლებს ამარაგებენ. ოფიციალური სანტიაგოს გადაწყვეტილებას ორთავე ზემოხსენებული კომპანია გამოეხმაურა. Albemarle-მ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს და დასძინა, რომ კომპანია ფუნქციონირებას კვლავაც ჩილეში განაგრძობს. ვითარება განსხვავებულია ლითიუმის მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილეს მწარმოებელთან, SQM-თან, რომელთანაც კონტრაქტის გახანგრძლივება, ამ ეტაპზე, ჩილეს მთავრობისთვის, უფრო პრიორიტეტულია. SQM-ის განცხადებით, წარმოების ახალ მოდელზე გადასვლისთვის, კომპანიას დამატებით $2 მილიარდის ინვესტიციის განხორციელება დასჭირდება.

ორივე ზემოხსენებული კომპანიის აქციები საჯაროდ ივაჭრება და ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი საბაზრო ღირებულება ერთმანეთს ძალიან ჰგავს: Albamerle-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $22.8 მილიარდს, SQM-ის ღირებულება კი $21.7 მილიარდს აღემატება. ჩილეს პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიის აქციების ღირებულება საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ მას შემდეგ, ნაწილობრივ აღდგა. SQM-ის ღირებულება 18.5%-ით შემცირდა, Albamerle-სი კი 10%-ით.

აღსანიშნავია, რომ გაბრიელ ბორიჩის განცხადებას გავლენა არ ჰქონია ლითიუმის საბაზრო ფასის დინამიკაზე, რომელიც ჯერ კიდევ მდგრადად იკლებს. დღეს, ტონა ლითიუმი 173 ათასი ჩინური იუანის, ანუ 25 ათასი დოლარის ფარგლებში ღირს, რაც 71%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ნოემბერში, როცა ძვირფასი ლითონის ფასი პიკში იყო - იმ დროს, ტონა ლითიუმი 86 ათას დოლარზე მეტი ღირდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბოლო წლებში, ლითიუმი კრიტიკულ საბირჟო საქონლად იქცა, რადგან მისი გამოყენების უდიდესი ნაწილი ელექტრომობილების ბატარეებზე მოდის, რომლებიც სწორედ ლითიუმ-იონური ტექნოლოგიის გამოყენებითაა შექმნილი. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ელექტრომობილების მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, ჩინურმა BYD-მ ნატრიუმ-იონური ბატარეების მქონე ბიუჯეტური ელექტრომობილი, BYD Seagull-ი შექმნა, რომელიც სულ რაღაც $11.4 ათასი ღირს. ჩნდება შეკითხვა, გახდება თუ არა ნატრიუმ-იონური ბატარეები ინდუსტრიის სტანდარტი? ამ შეკითხვაზე ერთგვაროვანი პასუხის გაცემა არ გამოდის, რადგან ბიუჯეტური ავტომობილების შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კი, გახდება, მაგრამ მოსალოდნელია ისიც, რომ ძვირად ღირებული ელექტრომობილების მწარმოებლები მომავალშიც ლითიუმ-იონურ ელექტრობატარეებს გამოიყენებენ.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები