30.05.23 10:00
გრძელვადიან გეგმებზე საუბრისას, ვამეხ ხერხეულიძე ელექტრიფიკაციის მზარდ ტრენდზე აპელირებს და აღნიშნავს, რომ სურს, Elven Technologies-ის მიერ წარმოებული პროდუქტი, ელექტრომობილებისთვის ერთგვარ “დამცავ ღვედად” იქცეს.
“იმდენად სწრაფად იზრდება ელექტრომობილების და ზოგადად ელექტრიფიკაციის ბაზარი, რომ ლითიუმის ბატარეები იქნება ყველგან. ლითიუმის ბატარეები დღესაც, ყველგან გვხვდება, მათ შორის სმარტფონებსა და ლეპტოპში, მაგრამ დიდი ზომის ლითიუმის ბატარეები, რომელთა მიერ წარმოქმნილი ცეცხლი ძალიან ძლიერია. შემდეგი ათი-ოცი წლის განმავლობაში, ცეცხლის პრობლემა არსად წავა, ასე რომ ამ ბაზარზე შესვლა გვინდა. გვსურს, ელექტრომობილებისთვის “დამცავი ღვედი” შევქმნათ, რადგან ეს ადამიანების სიცოცხლის დასაცავად უმნიშვნელოვანესი პროდუქტია”, - აღნიშნავს ვამეხ ხერხეულიძე.
კითხვაზე, არსებობს თუ არა მსგავსი ტექნოლოგია ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე, Elven Technologies-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ არსებობს პრევენციული ტექნოლოგია, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც Elven Technologies-ი ავითარებს.
“ბატარეების ხანძარუსაფრთხოების საკითხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ერთია ხანძრის პრევენცია, რისთვისაც ელექტრომობილებში ბევრი ტექნოლოგიური გადაწყვეტა არის ჩაშენებული, რომლებიც მუშაობს. ამ ტექნოლოგიის დახმარებით, ცეცხლის გაჩენის ალბათობა შემცირდა, მაგრამ ალბათობა მაინც არსებობს. თუმცა ფიზიკური გადაწყვეტა, რომელიც ცეცხლის გაჩენის შემდეგ ბატარეას მანქანისგან გამოყოფს, დღეს, ბაზარზე არ არის. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიების უმრავლესობა, მათ შორის Tesla, ალუმინის შეფუთვას იყენებს, მაგრამ ალუმინის ლღობის ტემპერატურა 600 გრადუსს შეადგენს, ხოლო ცეცხლის ტემპერატურა 2000 გრადუსამდეც კი ადის, ანუ ალუმინს წამებში ალღობს. ზოგიერთი კომპანია უჟანგავ ფოლადს იყენებს, რომელიც შედარებით დიდხანს ძლებს, მაგრამ მაინც ლღვება და თან ისე ხურდება, რომ თუ მეორე მხარეს პლასტმასის ნაკეთობა აქვს მიმაგრებული, ის პლასტმასაც დნება და ალის ტემპერატურა კიდევ უფრო იმატებს. ამგვარად, ცეცხლი ბატარეებიდან არ გამოდის, მაგრამ გარეთ ახლიდან წარმოიქმნება. ჩვენი მიზანია, შეფუთვა შევამსუბუქოთ და თან, უზრუნველვყოთ, რომ გარეთ არც ალმა და არც ტემპერატურამ არ გამოაღწიოს”, - აღნიშნავს ვამეხ ხერხეულიძე bm.ge-სთან საუბრისას.
ასევე ნახეთ::