ჩინელი მეცნიერების დახმარებით ადამიანები ობიექტების “დანახვას” სრულ სიბნელეშიც შეძლებენ. აი, სწორედ ამ მიზანს ემსახურება MIT-ის ჩინელი მეცნიერების ახალი ქმნილება, რომელიც თაგვებზე უკვე გამოიცადა.
საქმე ეხება ქვიშის მარცვალზე ათასჯერ უფრო მცირე ზომის ნანონაწილაკებით გაჯერებულ კონტაქტურ ლინზებს, რომელთა გამოყენებით ობიექტების დანახვა და აღქმა შეიძლება, როგორც სიბნელეში, ასევე ნისლში.
ნანონაწილაკები ინფრაწითელ სხივებს შთანთქავს და ისეთ სურათებად გარდაქმნის, რომელთაც აღქმა ადამიანის თვალს ჩვეულებრივ ვითარებაში არ შეუძლია. ჩვეულებრივ პირობებში, ლინზები მხედველობას არ აფუჭებს, ხოლო ადამიანი, რომელიც მათ ატარებს ფერებს უფრო მკვეთრად და ღრმად აღიქვამს. ახალი ტიპის ლინზებით ადამიანს შეუძლია დაინახოს ობიექტების კონტურები და გაარჩიოს ის ფერები, რომლებიც ინფრაწითელ სპექტრში ხვდება.
ჩინელი მეცნიერების ეს გამოგონება, რეალურად, ღამის ხედვის სათვალის კონკურენტია, რადგან ამ მძიმე და ძვირად ღირებული მოწყობილობის დანიშნულება სწორედ ინფრაწითელი სხივების აღმოჩენაა. ადამიანის თვალი ბუნებრივად სინათლის სრული სპექტრის მხოლოდ მცირე ნაწილს აღიქვამს, მაგრამ ინფრაწითელი, ისევე, როგორც ულტრაიისფერი სხივები ჩვენი თვალისთვის ხელმიუვდომელია. ამიერიდან, ეს ასე აღარაა.




























