ჩინეთიდან და ინდოეთიდან მომავალი ტურისტული ნაკადები საქართველოსთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თუმცა მათი ინტერესები და გეოგრაფიული გადანაწილება სპეციფიკურია. Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის, თათია მამრიკიშვილის განმარტებით, აზიური ბაზარი საქართველოს, პირველ რიგში, როგორც სამედიცინო ტურიზმის ჰაბს, ისე უყურებს.
„საქმიან დილაში“ სტუმრობისას მამრიკიშვილმა აღნიშნა, რომ ჩინელი ტურისტების მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნა ნიშურ სამედიცინო პროცედურებზე, ძირითადად კი რეპროდუქციულ მედიცინაზეა.
„ჩინელი ტურისტების შემთხვევაში, სამედიცინო სერვისებში ჩვენ, ძირითადად, რეპროდუქციული მომსახურების მიმართულებით ვხედავთ ინტერესს. ზოგადად, აზიური ბაზრებიდან შეინიშნება ინტერესი ნიშური სამედიცინო პროცედურების მიმართ. ეს არის ესთეტიკური მედიცინა, სტომატოლოგია, მრავალპროფილური მომსახურება და ანალიზები“, - აცხადებს თათია მამრიკიშვილი.
მისივე განმარტებით, სამედიცინო ტურიზმი, შესაძლოა, ერთ-ერთ მიმართულებად იქცეს, რომელიც მომავალში საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით აზიური ბაზრებიდან.
„აზიური ქვეყნებიდან უკვე იკვეთება ინტერესი ნიშური სამედიცინო სერვისების მიმართ და ეს არის მიმართულება, რომელზეც ქვეყანამ სტრატეგიულად უნდა გააკეთოს აქცენტი,“ - განაცხადა მამრიკიშვილმა.
მისივე განმარტებით, ჩინეთიდან ჩამოსული ვიზიტორების დანახარჯების სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ბაზრებისგან და საშუალო დანახარჯების სტატისტიკა სრულ სურათს ვერ ასახავს.
მამრიკიშვილის თქმით, ჩინეთი და ინდოეთი საქართველოსთვის შედარებით ახალი ტურისტული ბაზრებია და მათი სრულფასოვანი შეფასება მხოლოდ მოკლევადიანი სტატისტიკის საფუძველზე რთულია.
„მხოლოდ საშუალო დანახარჯებზე დაკვირვება არ გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ დაბალმხარჯველი ტურისტი შემოდის. მნიშვნელოვანია, როგორია დანახარჯების სტრუქტურა და ვიზიტის მიზანი,“ - ამბობს ის.
ცნობისთვის, 2025 წელს ჩინეთიდან საქართველოში სულ 128 ათასი ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 44%-ს უტოლდებოდა. საქსტატის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა შარშან ჯამში 220 მლნ ლარი დახარჯეს, ეს ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 718 ლარის ფარგლებში იყო.




























