დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, ჩინეთი ქვეყნისთვის ეროვნული უსაფრთხოების რისკებს ქმნის. როგორც ის განმარტავს, ძირითადი მიმართულებები, რა კუთხითაც ოფიციალური პეკინი გაერთიანებულ სამეფოსთვის საფრთხეს უქმნის, კიბერუსაფრთხოება და თავდაცვაა.
ამასთან, სტარმერმა ყურადღება ჯაშუშური ქსელების არსებობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მრავალწლიანმა დათბობის პოლიტიკამ ქვეყანას გაცილებით მეტი საფრთხე მოუტანა, ვიდრე სარგებელი. დიდი ბრიტანეთის პირველმა მინისტრმა დადო პირობა, რომ მისი მმართველობის პირობებში ქვეყანა გაცილებით პრაგმატულ სტრატეგიას აირჩევს და ის მთლიანად რეალურ საჭიროებებზე იქნება დაშენებული.
ჩინეთისგან მომავალ ეროვნული უსაფრთხოების რისკებზე საუბრის პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს ლიდერმა ბრიტანულ ბიზნესს აზიურ გიგანტთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს ის ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც ქვეყნებს შორის დამოკიდებულებას უკეთესობისკენ შეცვლის.
შეცვლის, რადგან მხარეებს საერთო ფინანსური ინტერესები ექნებათ. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ბრიტანულმა ბიზნესმა განსაკუთრებული ყურადღება საბანკო, კრეატიული ინდუსტრიის, ფარმაციისა და ძვირად ღირებული პროდუქტების სექტორებზე უნდა გადაიტანოს.



























