საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი, იანვარ-თებერვალში 70%-ით 659.7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც დიდწილად ნავთობპროდუქტების რეკორდული ზრდით, ასევე სპილენძის მადნების გადაზიდვების გააქტიურებით არის განპირობებული.
ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 64.3%-ს შეადგენს. ეს კი გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ოფიციალური სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიან ექსპორტში ადგილობრივის წილობრივი ზრდა სწორედ ქვეყანაში ნავთობპროდუქტების გადამუშავებისა და გადაზიდვების გააქტიურებით არის განპირობებული, რაც 2025 წლის ბოლო კვარტალში დაიწყო. აღნიშნული ემთხვევა ყულევში "ბლექ სი პეტროლიუმის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებას, როცა 2025 წლის ბოლო კვარტალშივე საქართველოს იმპორტში ნედლი ნავთობი გამოჩნდა. კერძოდ, წინა წლის ბოლოს საქართველოში 96.6 მილიონი დოლარის 225.3 ათასი ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა.

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1 მილიარდ 026 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.9%-ით მეტია.
იანვარ-თებერვალში 10 უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.1% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებს შორის ადგილობრივი ექსპორტი აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ჩინეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ამასთან, TOP-ქვეყნების რეიტინგში გამოჩნდა ტოგო, სადაც წელს ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი $19 მლნ-ს შეადგენს და სრულად ნავთობპროდუქტები გავყიდეთ.

რაც შეეხება საქონელს, როგორც აღვნიშნეთ, 2026 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა, ამასთან გააქტიურებულია ძვირფას ლითონებისა და სპილენძის მადნების გადაზიდვები.





























