2023 წელს 2022-თან შედარებით, საქართველოში ჩინური კაპიტალის მონაწილეობით, ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 2-ჯერ, 109%-ით გაიზარდა. თუ 2022 წელს ქვეყანაში, ჩინური ინვესტიციის მონაწილეობით, 138 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა 2023 წელს ის 289 იყო. ყველაზე მეტი ზრდა, 388%-იანი, ინდივიდუალურ მეწარმეებში დაფიქსირდა.
ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, დავით აფციაური „საქმიანი დილის“ ეთერში გაზრდილ ინტერესს სხვადასხვა მიზეზებით ხსნის:
„ბოლო წლების განმავლობაში დარეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა, ჩინური კაპიტალი იზრდებოდა. გამონაკლისი იყო პანდემიის პერიოდი, როცა მხოლოდ 50-ზე მეტი დარეგისტრირდა. აქ ჩნდება კითხვა - რით არის ეს გამოწვეული? ვფიქრობ, რამდენიმე ფაქტორია: პირველ რიგში ეს არის ის, რომ პანდემიის ფაზა უკვე დასრულდა, თუმცა მაინც გარკვეული რისკები რჩება. ეს მნიშვნელოვანია საერთო გამოღვიძების თვალსაზრისით. რასაკვირველია ინტერესის ზრდას ხელს უწყობს ის, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება და ჯერ არ არის ამოქმედებული სრულად, მაგრამ ეს ნათელია. მაღალ დონეზე ვიზიტებმა ხელი შეუწყო ამას, თუმცა მოვლენების შემდგომ განვითარებას უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა აფციაურმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნის სტაბილურობაა.
„გლობალურად არსებობს პოლიტკრიზისი და გლობალური შოკები, რის გამოც გადაწყვეტილებების მიღება ინდივიდუალურ დონეზე არ არის იოლი, მით უმეტეს ჩინური ბიზნესისთვის, რომელიც ფრთხილია. ამ მხრივ, საქართველო ნამდვილად ნაკლებად რისკიანი ქვეყანაა და ამიტომ ინტერესი უფრო მზარდია საქართველოსკენ - ეს აბსოლუტურად ნათელია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბიზნესის დაწყებისთვის ოპტიმალური ადგილია, საგადახდო სისტემა ლიბერალურია. მინდა ასევე დავამატო ის გარემოება, რომ ასე თუ ისე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მოქმედებს. შეიძლება ისეთი შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ მოქმედებს.
თუ ჩვენ გავაანალიზებთ ჩინეთის დამოკიდებულებას საქართველოსადმი, ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით - გარკვეული შენელებაა ბოლო წლებში. ცდები არის, რომ ეკონომიკური კავშირები გააქტიურდეს, თუმცა ჩემი აზრით, იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ჩინეთი უფრო აქტიური დაკვირვების პოზიციაშია და რასაკვირველია ეს პირველ რიგში გამოწვეულია არა საქართველოს, არამედ გლობალური რისკებით. ეს მოლოდინის პერიოდი გარკვეულ ხანს ალბათ გაგრძელდება“, - თქვა დავით აფციაურმა.
რაც შეეხება პერსპექტივას, დავით აფციაური ამბობს, რომ ჩინეთი საქართველოსადმი ინტერესს იჩენდა ყოველთვის რეგიონალურ ჭრილში, ანუ საქართველო ყოველთვის ნაწილი იყო რეგიონალური პოლიტიკის, რათა გასვლა ევროპულ ბაზრებზე ყოფილიყო ხელსაყრელი ამ სახელმწიფოსი.
„თუ ეს იყო ძალიან ზოგადი მიდგომა პანდემიამდე, პანდემიის შემდეგ და უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მას შემდეგ რაც სანქციები დაწესდა და საჭირო გახდა ალტერნატივის მოძიება, რასაკვირველია საქართველოს როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ჩემი აზრით, როცა ვლაპარაკობთ აქტიური დაკვირვების პროცესზე, ჩინეთის მხრიდან აქცენტი გაკეთდება უფრო მსხვილ რეგიონალურ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს საკომუნიკაციო საშუალებების ზრდას, ისევ ევროპის ბაზრისკენ. რაც შეეხება ინვესტიციების ჩადებას საქართველოს ეკონომიკაში, მე ვფიქრობ, ეს პროცესი გაგრძელდება, მაგრამ არ იქნება ძალიან აქტიური, ვინაიდან თავად ჩვენი ბაზარი არის ძალიან ლიმიტირებული. ჩინეთი შეიძლება ისეთი აქტიურობით არ გამოჩნდეს რეგიონში, ვიდრე მანამდე“, - ამბობს აფციაური.