მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთი/ინდოეთიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის ზრდის პერსპექტივა კიდევ არსებობს - Galt&Taggart

თათია მამრიკიშვილი

"ჩინეთიდან და ინდოეთიდან კიდევ არის ზრდის პერსპექტივა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით", - ამის შესახებ BMG-ის Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა თათია მამრიკიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მაღალმხარჯველ სეგმენტად ამჟამად შეიძლება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, მათ შორის ისრაელი და არაბული ქვეყნები ჩაითვალოს.

"2025 წელს საქართველომ ტურიზმიდან დაახლოებით 4.7 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 6%-იან ზრდას წარმოადგენს. ზრდის ძირითადი კონტრიბუტორები 2025 წელს იყვნენ ისრაელი, ევროკავშირის ქვეყნები და შორეული აზიის ქვეყნები.

თუ ტურისტების მხარჯველუნარიანობას შევხედავთ როგორც ოფიციალური სტატისტიკის, ისე საქართველოს ბანკის არხებით დაფიქსირებული უცხოური ბარათების ხარჯვის მონაცემების მიხედვით ჩვენი შეფასებით, ყველაზე მაღალმხარჯველ სეგმენტად შეიძლება ჩაითვალოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, მათ შორის ისრაელი და არაბული სამყარო.

ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნების წვლილი, რომლებიც მაღალი ხარჯვის პარალელურად, მრავალი მიმართულებით ხელს უწყობენ თავად სექტორის განვითარებას.

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, თუ გავაერთიანებთ რუსეთს, უკრაინას, ბელარუსს და ყაზახეთს დაკვირვებით ჩანს, რომ ეს შედარებით დაბალმხარჯველი სეგმენტია. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებიდანაც ფიქსირდება მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკადები, თუმცა ასეთი სეგმენტი ძირითადად თბილისისკენ არის კონცენტრირებული.

აჭარაში კი ძირითადად ვხედავთ უფრო ბიუჯეტურ სეგმენტს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსული ტურისტების მიერ აპარტამენტებზე შექმნილ მოთხოვნაზეა ორიენტირებული. მაგალითად, მათი ვიზიტისას საშუალო დღიური ხარჯი დაახლოებით 100–140 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 200–270 დოლარს აღწევს.

რაც შეეხება ჩინეთსა და ინდოეთს, ჩვენი აზრით, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით", - ამბობს მამრიკიშვილი.

ცნობისთვის, 2026 წელს საინვესტიციო ბანკმა ტურიზმიდან მისაღები შემოსავლების პროგნოზი 5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ წელს ტურიზმის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60 მლნ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს, რაც მოიცავს ასევე მარკეტინგულ ხარჯებსაც იმ ბაზრებზე, რომლებსაც მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს.

შარშან კი, ტურიზმიდან შემოსავლები 4.7 მილიარდ მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმის სექტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გასულ წლებში ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7%-ს აღემატება, თუმცა რეალური არაპირდაპირი სარგებელი ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების გაცილებით დიდია. Galt&Taggart-ის შეფასებით, 2025 წელს ტურიზმის კონტრიბუცია ეკონომიკაში 14%-ის ფარგლებში იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები