დღეს ჩინეთმა ევროპული სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვაზე შეზღუდვები დააწესა. ეს გადაწყვეტილება ერთგვარი საპასუხო ნაბიჯია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, შეუზღუდოს ჩინურ კომპანიებს €5 მილიონზე დიდი მოცულობის კონტრაქტების დადება. ამას გარდა, ოფიციალურმა პეკინმა კიდევ ერთი მკვეთრი ნაბიჯი გადადგა და სახელმწიფო ორგანოებს შიდა შესყიდვებისთვის ევროპული კომპანიების ნაწარმის შეძენა აუკრძალა. გამონაკლისი კი მხოლოდ იმ კომპანიებს შეეხებათ, რომლებიც პროდუქტს ჩინეთის ტერიტორიაზე ქმნიან. ასეთები კი Siemens Healthiness-ი და Philips-ი არიან.
მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდება. სავარაუდოდ, პრობლემა შეექმნება მიწოდების ჯაჭვსაც, რომელიც ევროკავშირში არსებული სარეგულაციო კანონმდებლობის გათვალისწინებით ისედაც რთულ ვითარებაშია. ჩინური მხარის გადაწყვეტილება მულტინაციონალურ სამედიცინო კომპანიებსაც დაარტყამს, რომელთათვისაც ჩინური ბაზარი საკმაოდ მოგებიანია.
ევროკავშირ-ჩინეთის სამიტის მოახლოების ფონზე, მსგავსი რადიკალური ნაბიჯები დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავებისა და სავაჭრო თანამშრომლობის სერიოზულად დაზიანების საფრთხეს ქმნის. თუმცა ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ მხარეები სამიტს გონივრულად გამოიყენებენ და გაჩენილ დაპირისპირებას საერთო ინტერესების გათვალისწინებით ჩააცხრობენ. ტრამპის ევრო-სკეპტიური მიდგომების ფონზე, ეს, ალბათ, ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ევროკავშირს.




























