ჩინეთის მმართველ კომუნისტურ მთავრობას მორიგი ამბიციური ამოცანა აქვს - ჰუმანოიდი რობოტების წარმოების მიმართულებით ჩინეთი გლობალურ ლიდერად და ინდუსტრიის პიონერად 2025 წლამდე უნდა იქცეს.
ინდუსტრიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს განვითარების სამინისტრომ უკვე წარმოადგინა ამბიციური გეგმა, რომელიც რობოტების წარმოების მიმართულებით კომპანიების დაფინანსებას და კვლევის პროცესის (R&D) ხელშეწყობას ითვალისწინებს. როგორც მთავრობის გეგმიდან ჩანს, 2027 წლისთვის რობოტებს უკვე დამოუკიდებლად ფიქრი და მონაცემების პირდაპირ რეჟიმში გაანალიზება უნდა შეეძლოთ.
ჰუმანოიდი რობოტი ეს არის ადამიანის მსგავსი აღნაგობის მქონე მანქანა, რომელსაც ისეთი დავალებების და სამუშაოების შესრულება შეუძლია, რომელიც ადამიანისთვის საშიში ან ზედმეტად რთულია. მაგალითად, ჰუმანოიდ რობოტებს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვთ სამაშველო ოპერაციების ჩატარების და ფიზიკური მუშაობის კუთხით.
გარდა ამისა, მეცნიერები ჰუმანოიდ რობოტებს ადამიანების თანაშემწეებად, დამხმარეებად და კომპანიონებადაც განიხილავენ. თეორიულად, რობოტს 24 საათის განმავლობაში შეუძლია პატრონს მოემსახუროს, რაც განსაკუთრებით მოთხოვნადი სერვისი აზიის რეგიონში შეიძლება იქნეს, სადაც მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩინური კომპანიების გარდა, ჰუმანოიდი რობოტების შექმნაზე ამერიკული Tesla-ს, Boston Dynamics-ის და სამხრეთ კორეული Hyundai-ს მეცნიერებიც აქტიურად მუშაობენ.