ათწლიანი მეგობრობის, თანამშრომლობისა და ცდების შემდეგ, Boston Dynamics-ის მეცნიერები ჰუმანოიდ რობოტ Atlas-ს დაემშვიდობნენ.
რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში Atlas-ს ლომის წვლილი მიუძღვის და ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რობოტად შეიძლება ჩაითვალოს, რომელზე ჩატარებული ცდები მომავალში ჰუმანოიდი რობოტების ფუნდამენტად შეიძლება იქცეს.
მილიონჯერ ახტომის, დახტომის, გადახტომის, დაცემის, წაბორძიკების, ხოხვის, ცოცვისა და გორვის შემდეგ, Atlas-მა კაცობრიობისთვის ფასდაუდებელი მონაცემები შექმნა, რომელსაც მეცნიერები უფრო თანამედროვე და დახვეწილი რობოტების შესაქმნელად იყენებენ.
Atlas-ის პირველი პროტოტიპი Bostan Dynamics-მა 2013 წელს წარადგინა და პროექტის დაფინანსება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უზრუნველყო, რომელიც, როგორც წესი, მუდმივად ტექნოლოგიური ფრონტის წინა ხაზზეა. პროექტის მიზანი იყო ისეთი რობოტის შექმნა, რომელიც ღია სივრცეში უპრობლემოდ შეძლებდა გადაადგილებას, რთული მოძრაობების შესრულებას, დაბრკოლებების გადალახვას და საგნები გადაადგილებას.
თავად რობოტის საბოლოო მიზანი სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა და ადამიანისთვის საშიშ ადგილებში ოპერირება იყო. ეს რობოტი უნდა გამხდარიყო ტექნოლოგიური საფუძველი, რომელზეც მომავალში მაშველ, მეხანძრე და ჯარისკაც რობოტებს დააშენებდნენ. როგორც Boston Dynamics-ში აღნიშნავენ, Atlas-მა თავის სტრატეგიულ მიზანს მიაღწია და ახლა ის დამსახურებულ პენსიაში გადის.