NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, მეთიე უაითეიქერმა განაცხადა, რომ ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ერთი ზარით შეუძლია. როგორც ელჩი ამბობს, თუ სი ძინფინგი ვლადიმერ პუტინს ხვალ დაურეკავს და ომის დამთავრებას მოსთხოვს, კრემლს წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლება. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას უაითეიქერმა თქვა, ამჟამად რუსეთი ოფიციალური პეკინისაგან ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიურ ხელსაწყოებს, ასევე სამხედრო კომპონენტებს შეუზღუდავად იღებს. მისი შეფასებით, სწორედ ეს აძლევს პუტინს საშუალებას, ააწყოს სამხედრო დრონები, განაახლოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და არ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები. “თუ გავითვალისწინებთ, რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებს აწვდის ჩინეთი რუსეთს და რამდენადაა კრემლი იქაურ მასალებზე დამოკიდებული, სწორედ პეკინია ერთადერთი, რომელსაც ომის დასრულებისთვის საკმარისი ზეგავლენა აქვს. თუ სი იტყვის, რომ ის რუსეთს აღარ მიაწვდის კომპონენტებსა და ტექნოლოგიას, ომი მეორე დღესვე დასრულდება” - აცხადებს NATO-ში აშშ-ის ელჩი.
ცნობისთვის, გარდა უაითეიქერის მიერ დასახელებული ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიური ხელსაწყოებისა და სამხედრო კომპონენტებისა, რუსეთი ჩინეთთან ენერგეტიკულ სექტორშიც აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას. იმის მიუხედავად, რომ ამ მხრივ პრეზიდენტ ტრამპს კრიტიკული პოზიცია აქვს და საპასუხო სატარიფო ზომების გადადგმასაც არ გამორიცხავს, ოფიციალური პეკინი არათუ ამცირებს, კიდევ უფრო ზრდის კავშირებს ამ კუთხით. კერძოდ, 2026 წლის იანვარში ჩინეთში ყოველდღიურად 1.65 მილიონი ბარელი სანქცირებული რუსული ნავთობი შედიოდა, რაც 2024 წლის მარტის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დიდი მაჩვენებელია.




























