მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში 16-გიგავატიანი ენერგეტიკული ცენტრი აშენდება

ჩინეთი - ენერგეტიკა

ჩინეთის ჩრდილოეთში, შიდა მონღოლეთად წოდებულ რეგიონში რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი აშენდება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 16 გიგავატი იქნება. პროექტს ჩინური სახელმწიფო კომპანია China Three Gorges Renewables Group-ი განახორციელებს, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული კომპანიაა. თავად ეს პროექტი მზეზე, ქარზე და ქვანახშირზე მომუშავე რამდენიმე ელექტროსადგურს გააერთიანებს, მაგრამ ტერიტორიაზე 5-გიგავატიანი ელექტროენერგიის შემნახველი ობიექტიც აშენდება. ქვანახშირის ელექტროსადგური სამ წელიწადში ამუშავდება, ქარისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ობიექტების ამოქმედების თარიღი კი ქსელის გამართულობაზე იქნება დამოკიდებული.

China Three Gorges Renewables Group-ის ეს პროექტი ჩინეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ხედვის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას მოიაზრებს. სი ძინპინის ამ ხედვას კონკრეტული ხელმოსაჭიდი მიზანიც აქვს, რომელიც 2030 წლისთვის 455 გიგავატის ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებს. ამ ენერგიის დიდი ნაწილი, კერძოდ 135 გიგავატი სწორედ იმ რეგიონზე მოდის, სადაც ეს გიგანტური პროექტი შენდება.

ამ პროექტში დიდ სარგებელს და ინტერესს თავად China Three Gorges Renewables Group-იც ხედავს, რომელიც ქვეყანაში დიდ ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს. დადგმული სიმძლავრით და წყალსაცავის ტევადობით მსოფლიოს უდიდესი ჰესი, სახელწოდებით Three Gorges Dam, რომელიც მდინარე იანგცეზე მდებარეობს, სწორედ ამ ჩინური კორპორაციის მიერ არის აშენებული. თუმცა ქვეყანაში დიდი ჰესების აშენების პერსპექტივა შეზღუდულია, მით უფრო რომ ეს მიმართულება ჩინეთში ძალიან კარგად არის ათვისებული. შედეგად, China Three Gorges Renewables Group-ის ერთ-ერთი მიზანი - ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები