„ყველაზე ძვირი ღვინოები იყიდება ჩინეთში და ჩვენ შევედით მაინცდამაინც იაფ სეგმენტში. მეორე რუსეთს ვაკეთებთ ჩინეთში“ - ამის შესახებ ბიო-ორგანული მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი იზრდებოდა, თუმცა მიმდინარე წლის 9 თვის მდგომარეობით გადატვირთვები ჩინეთში შემცირებულია. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით ჩინეთში 8,4 მილიონი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $9,5 მილიონს, 2021 წელს 10,6 მილიონს, 2020 წელს 9,5 მილიონს, 2019 წელს კი 13,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.
"ფაფრის ველის" დამფუძნებელი, შალვა ქურდაძე ამბობს, რომ მათ მიერ წარმოებული ღვინო მხოლოდ ჰონგ-კონგში, პრემიალურ სეგმენტში იყიდება. ფასი 300%-ით აღემატება იმ ფასს, რა ფასადაც ქართველი მწარმოებლები რუსეთში ყიდიან ღვინოს.
„ჩინეთი პრემიალური ღვინოებისთვის ძალიან კარგი ბაზარია, თუმცა სამწუხაროდ, ქართული ღვინო ჩინეთში შევიდა დაბალ საფასო სეგმენტში. ჩინეთის ალკოჰოლური სასმელების ბაზარი არის პრემიალური და ლუქსი პროდუქტებისთვის. ფრანგული კონიაკი შეიძლება ითქვას ჩინეთმა გადაარჩინა, ასევე ფრანგული შამპანური. იქ პრემიალური სასმელების ბუმია.
მაშინ, როცა ყველაზე ძვირი ღვინოები იყიდება ჩინეთში, ჩვენ შევედით მაინცდამაინც იაფ სეგმენტში. მეორე რუსეთს ვაკეთებთ ჩინეთში. მეტი ყურადღებაა საჭირო მცირე, ექსკლუზიური ღვინოებისთვის, გვაქვს ამის საშუალება მსოფლიოს ვანახოთ უნიკალური ღვინოები, რატომ შევდივართ ასეთ სიტუაციებში, არ ვიცი“,-აცხადებს ქურდაძე.