ჩინეთი მორიგი გამოწვევის წინაშეა - საერთაშორისო ინვესტორებმა ქვეყანაში თანხის დაბანდება შეწყვიტეს, უფრო მეტიც, ახლა მათ კაპიტალი ქვეყნიდან გააქვთ, რაც უცხოური ინვესტიციების 99%-იან კლებას იწვევს.
როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, გასული 2024 წლის განმავლობაში ჩინეთში განხორციელებული წმინდა FDI-ის მოცულობამ 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ ინვესტიციების მოცულობამ ერთ წელიწადში $168 მილიარდით იკლო, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნიდან იმაზე მეტი კაპიტალი გადის, ვიდრე შემოდის. ასეთი ცუდი შედეგი ჩინეთს 1990-იანი წლების შემდეგ არ ჰქონია, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რევოლუცია მოხდა.
შედარებისთვის, 2021 წელს ჩინეთში რეკორდული $344 მილიარდის FDI განხორციელდა, ანუ ამ პერიოდთან შედარებით კლება 99%-ია.
FDI-ს შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ჩინეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობის გაუარესებაა. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ცოტა ხნის წინ ჩინეთს დამატებითი სანქციები დაუწესა, პეკინმა კი საპასუხო ზომებიც მიიღო და ზოგიერთი საქონლის ექსპორტი შეზღუდა.
ამასთან, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით შეზღუდვებს, ტარიფებსა და სანქციებს აანონსებს, ეს კი ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად აისახება. მათ განსაკუთრებით აშფოთებთ ტრამპის განცხადება, რომლითაც ის BRICS-ის წევრ სახელმწიფოებს 100%-იანი სატარიფო რეჟიმის ამოქმედებით ემუქრება.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი კოლაფსის პირასაა. ორი უმსხვილესი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, Evergrande და Country Garden-ი გადახდისუუნაროა, მათ მიერ ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადება კი უძრავი ქონების სექტორში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. ინვესტორები შიშობენ, რომ უახლოეს მომავალში Country Garden-ს გაკოტრების გამოცხადება მოუწევს, ეს კი უძრავი ქონების სექტორში ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რომელიც შემდგომ, სავარაუდოდ, ბანკებს და სხვა კომპანიებსაც შეიწირავს.
ამასთან ერთად, ქვეყანაში დეფლაცია ფიქსირდება და წინა წელთან შედარებით მწარმოებელთა ფასების შემცირების მაჩვენებელი 2.3%-ს შეადგენს, რაც ბოლო 15 წლის მინიმუმია. ინფლაციის ნეგატიური მაჩვენებლის დაფიქსირება იმის მაუწყებელია, რომ ქვეყნის მასშტაბით ქარხნების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ფასები მცირდება, რაც ჩინეთის მსგავსი სახელმწიფოსათვის სასურველი მოცემულობა არ არის, რადგან ფასების შემცირება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას იწვევს, ჩინეთის მთავრობას კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან წლიურ ზრდაზე აქვს გათვლები გაკეთებული.
დეფლაციის განმაპირობებელ მიზეზებს შორის უმთავრესი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ქვეყნის მასშტაბით გაძვირებული კრედიტია, რასაც განსაკუთრებით ართულებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით არსებული ვითარება და უძრავი ქონების სექტორში დაგროვილი რისკები.
დეფლაციასთან ერთად, ჩინეთში საწარმოო აქტივობის ინდექსი, იგივე PMI ეცემა. წარმოების სექტორს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში ყველაზე დიდი, 28%-იანი წილი უჭირავს, შესაბამისად, მისი შემცირება ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.
თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებთ, რომ ამერიკა და ევროკავშირი ჩინური ავტომობილების და სათადარიგო ნაწილების იმპორტის სრულად აკრძალვას გეგმავენ, მარტივად გავიგებთ, თუ რატომ აღარ სურთ ინვესტორებს ჩინეთში კაპიტალის დაბანდება.