მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური საინვესტიციო ბანკი გაკოტრების პირასაა – რატომ უარესდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა?

ჩინეთი

ჩინეთის მხრიდან მორიგი არასახარბიელო სიახლე ისმის, რომელიც ერთ-ერთ მსხვილ საინვესტიციო ბანკს, China Renaissance-ს უკავშირდება. მისი აქციების ღირებულება ერთ დღეში 70%-ით დაეცა და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ უახლეს მომავალში კომპანია გაკოტრებას ოფიციალურად გამოაცხადებს.

საინვესტიციო ბანკის დაღმასვლა მისი თავმჯდომარის, ბაო ფანის დაკავებასთანაა დაკავშირებული, რომელსაც პროკურატურა ფინანსურ დანაშაულზე ედავება. შესაძლოა, ბაო ფანი საერთაშორისოდ ცნობილი პიროვნება არ იყოს, მაგრამ ის ჩინეთის ტექნოლოგიურ სექტორში უდიდესი გავლენით სარგებლობს, რადგან ჩინური სტარტაპების უმეტესობა სწორედ მის მიერაა დაფინანსებული, მათ შორის ბაო ფანის სერვისებით Alibaba-სა და Tencent-საც უსარგებლიათ, ანუ უმსხვილეს ჩინურ კომპანიებს.

ახლა კი ბაო ფანის დაკავების საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ეს უჩვეულო მოვლენა არ არის, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში 100-მდე ბანკირი და ფინანსისტი დააკავეს, რაც სი ძინპინის განკარგულებასთანაა დაკავშირებული, რომელმაც ფინანსური თაღლითობისა და კორუფციის წინააღმდეგ საკმაოდ აგრესიულად გაილაშქრა.

მოგეხსენებათ, ჩინეთის საფინანსო სისტემა უცნაურად მუშაობს - იქ ყველა მსხვილი ბანკი სახელმწიფოს საკუთრებაშია, შესაბამისად, კერძო კაპიტალთან წვდომა კომპანიებს მხოლოდ საინვესტიციო ბანკების დახმარებით აქვთ, რომლებიც, თავის წილ, სამართლებრივ „ნაცრისფერ ზონაში“ ოპერირებენ, რადგან ჩინეთში სესხის გაცემასთან დაკავშირებით უმკაცრესი რეგულაციები და მოთხოვნები მოქმედებს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში გავლენიანი ბანკირების, ფინანსისტებისა და ინვესტორების დაკავება ჩინეთის ეკონომიკისთვის ნეგატიურ გარემოს ქმნის, რადგან ქვეყანაში კაპიტალს უცხოელი ინვესტორები აღარ აბანდებენ, ადგილობრივ ინვესტორებს კი ციხეში ჩასმით ემუქრებიან, შესაბამისად, ვიღებთ იმ მოცემულობას, რომლის წინაშეც ამჟამად ქვეყანა დგას. საწარმოო ინდექსის მოცულობა შემცირებულია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად იკლებს, ეკონომიკური ზრდა შეფერხებულია, უძრავი ქონების სექტორი კოლაფსის პირასაა, საბანკო-საფინანსო სექტორი კი იმდენად შეზღუდულია, რომ გამართულად ოპერირებასაც ვეღარ ახერხებს.

ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და მისი წარუმატებლობა ბოლო წლების განმავლობაში მრავალი ფაქტორითაა განპირობებული, რომელთა შორისაა: ფინანსური სისტემის სირთულეები, დემოგრაფიული პრობლემები, ტრადიციული ეკონომიკური მოდელის დასასრული და გეოპოლიტიკური მოვლენები.

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა წლების განმავლობაში დაფუძნებული იყო კრედიტისა და ინვესტიციების ხელმისაწვდომობაზე, რაც გამოიხატებოდა უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის სწრაფი მშენებლობებით. თუმცა, ამ ტიპის ზრდამ, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებული იყო, საბოლოოდ თავის ზღვარს მიაღწია. ჩინეთის მთავრობამ უკვე დიდი ხანია იცის, რომ კრედიტითა და ინვესტიციებით მხარდაჭერილი ზრდის მოდელი აღარ არის მდგრადი, რადგან არ არსებობს ახალი მექანიზმები, რომლებიც ამ ზემოქმედებას ჩაანაცვლებენ.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ წარუმატებლობას იწვევს, არის ჩინეთის ფინანსური სისტემის უკუღმართობა. წლების განმავლობაში, ფინანსურმა სისტემამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას, თუმცა ახლა ეს სისტემა თავად იქცა პრობლემის წყაროდ. ის ვერ ახერხებს პროდუქტიულ სექტორებში კაპიტალის დაბანდებას, რადგან დეფოლტის, უმუშევრობისა და გაკოტრების შიშით მთავრობა ხელს უშლის ფინანსურ სისტემას უფრო ეფექტურად მუშაობაში. ამის გამო, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა მცირდება.

გარდა ამისა, ჩინეთში დემოგრაფიული პრობლემები, როგორიცაა დაბერებული მოსახლეობა და შობადობის შემცირება, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ეკონომიკურ სიტუაციას. მოგეხსენებათ, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდისთვის საჭიროა პროდუქტიული მუშახელი, თუმცა ჩინეთის მოსახლეობის სტრუქტურა და დემოგრაფიული ტენდენციები მომავალში აუცილებლად გამოიწვევენ პრობლემებს.

ამ ყველაფრის ფონზე, ჩინეთის მთავრობა ახალი სტრატეგიების შემუშავებას ცდილობს. მაგალითად, ქვეყანაში განვითარდა ელექტრომობილების და მწვანე ენერგიის სექტორები, რომლებმაც მომავალში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ეკონომიკურ ზრდაში. თუმცა, ეს ახალი სექტორები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აანაზღაუროს უძრავი ქონების და ინფრასტრუქტურის სექტორების დაცემით გამოწვეული დანაკარგი.

მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური პარტიის ლიდერები აცნობიერებენ ეკონომიკური რეფორმების აუცილებლობას, მათი ქმედება ხშირად მაინც კონტრპროდუქტიულია. თავად ამ მოცემულობას კი ქონების არათანაბარი გადანაწილება განაპირობებს. როგორც იცით, ჩინეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბეშია, ხოლო ქვეყნის ელიტა ზემდიდარია. ამის ფონზე, ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარი ყველაზე დიდ რისკად რჩება ქვეყნისათვის, რომელიც პირდაპირაა დამოკიდებული მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე.

გარდა შიდა პრობლემებისა, ჩინეთის ეკონომიკაზე გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკური მოვლენებიც. ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკური მოდელი ხშირად გამოწვევებს აწყდება საერთაშორისო ვაჭრობაში. გაზრდილი კონკურენციის ფონზე, ჩინურ საქონელს სულ უფრო მეტად უჭირს უცხოურ ბაზრებზე ფეხის მოკიდება, რაც ამცირებს ქვეყნის საერთაშორისო გავლენას. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს სავაჭრო სანქციები, რომელსაც დასავლური სახელმწიფოები ჩინეთს თითქმის ყოველდღიურად უწესებენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩინეთის ეკონომიკური წარუმატებლობა გამოწვეულია რამდენიმე სტრატეგიული პრობლემით: ფინანსური სისტემის გაუმართაობით, დემოგრაფიული ცვლილებებით, კრედიტზე დაფუძნებული ზრდის მოდელის ჩამოშლით და გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებით. ცხადია, ასეთ არასახარბიელო პირობებში ინვესტორებს კაპიტალის დაბანდება არ სურთ, ამიტომ ქვეყანაში FDI-ს მოცულობა მკვეთრად ეცემა და საფონდო ბირჟაც დაღმასვლისაკენაა მიმართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები