მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლება იგეგმება - როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირი?

საქართველო / ჩინეთი

საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განახლებაზე მუშაობენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთში ორი ქვეყნის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა, სადაც შეთანხმების განახლებაზე პირველი კონსულტაცია ჩატარდა.

საგულისხმოა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა აქტიურად მუშაობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ჩინეთთან, რომელთანაც საქართველოს ასევე 2023 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აკავშირებს. კავშირების გაღრმავება მათ შორის საფინანსო, ენერგეტიკული თუ სხვა სექტორების მიმართულებით მოიაზრება.

BM.GE გთავაზობთ ინფორმაციას ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების შესახებ, რომელიც მზარდია.

ვაჭრობა

ჩინეთთან, რომელსაც საქართველოს ასევე აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს რეკორდული 1.9 მლრდ დოლარი იყო, რაც წლის ჭრილში 17%-იან ზრდას წარმოადგენდა.

ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის 5 თვეში კი სავაჭრო ბრუნვამ 840.4 მლნ დოლარი შეადგინა, რითაც ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია მთლიან ვაჭრობაში 8.6%-იანი წილით.

ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების უდიდესი ნაწილი იმპორტზე მოდის. 2025 წლის იანვარ-მაისში იმპორტმა 707.1 მლნ დოლარი შეადგინა - მთლიანი იმპორტის 9.8%. იმპორტის ზრდამ წლის ჭრილში 22.2% შეადგინა. ხოლო ექსპორტმა წლიურად 17.2%-ით მოიმატა და 133.3 მლნ დოლარი შეადგინა - მთლიანი ექსპორტის 5.1%.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. თან, იმ დროს, მოლაპარაკებები რეკორდულად მცირე დროში, შვიდ თვეში დასრულდა. შეთანხმება 2018 წელს ამოქმედდა.

2025 წლის მონაცემებით, TOP-5 საექსპორტო პროდუქტი შემდეგია:

  1. ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები - $100.1 მლნ
  2. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $10.6 მლნ
  3. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $8.1 მლნ
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $4.4 მლნ
  5. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $3.4 მლნ

ჩინეთიდან TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი კი ასეთია:

  1. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - $28 მლნ
  2. მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - $26.3 მლნ
  3. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - $21.8 მლნ
  4. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $19.4 მლნ
  5. მსუბუქი ავტომობილები - $16.1 მლნ

FDI

ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა 2002 წლიდან დაიწყო. რეკორდული, 220 მლნ დოლარზე მეტი FDI კი 2014 წელს დაფიქსირდა. რის შემდეგაც ყველაზე მეტი ინვესტიცია 2023 წელს დაფიქსირდა - 98.4 მლნ დოლარი. მაჩვენებელი გასულ წელს 29 მლნ დოლარამდე შემცირდა.

2025 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან 11.2 მლნ დოლარის FDI შემოვიდა, რაც ჩამორჩება 2024 წლის პირველი კვარტალის 13.9 მლნ დოლარს.

ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების კონტექსტში აღსანიშნავია, რომ საქართველოში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ჩინური კომპანიების, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მიერ ხორციელდება. სწორედ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი მოიაზრება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში სახელმწიფოს კერძო პარტნიორად. ის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გასულ წელს დასახელდა, თუმცა ჯერჯერობით ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

ამასთან, მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, თანამშრომლობის ფარგლებში ერთ-ერთი ამოცანა ჩინური ბანკებისთვის საქართველოს ფინანსური ბაზრის მიმზიდველობის ზრდაა.

ტურიზმი

ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გასული წლის თებერვალში შემოიღო, რის შემდეგაც ჩინეთში გაჩერება 30 დღის ვადით უვიზოდაა შესაძლებელი. 2023 წელს საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წელს, პირველ კვარტალში ჩინეთი მე-10 ადგილზეა საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების სტატისტიკაში - 13 875 ვიზიტით. მაჩვენებელი წლის ჭრილში 40%-ით არის გაზრდილი.

გასული 2024 წელი კი რეკორდული იყო - ჩინეთიდან 83%-ით მეტი, 88 583 ვიზიტი განხორციელდა.

საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები ჩინეთიდან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები