2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მიიჩნევს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინური სახელმწიფო კომპანია CCCC-ის („ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია“/China Communications Construction Company Limited) ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვა „საქართველო რუსულ-ჩინურ წრეში გაერთიანებას ნიშნავს“. „ჩინურ CCCC-თან ანაკლიის აშენებაზე ხელშეკრულება არ უნდა გაფორმდეს“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ამ თემაზე ინტერვიუში და ისაუბრა როგორც ჩინური ინვესტიციების საფრთხეებზე, ისე - უშუალოდ China Communications Construction Company Limited-ის საქმიან რეპუტაციაზე სხვადასხვა ქვეყანაში.
- 2019 წელს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმედს გამოთქვამდა, რომ ანაკლიის პროექტი საქართველოს დაიცავდა რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენისაგან. რას ნიშნავს ჩინეთის სახელმწიფო კომპანია CCCC-ის ისეთ სტრატეგიულ პროექტში ჩართვა, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია, რომლისგანაც არა მხოლოდ დიდი ეკონომიკური სარგებლის მოლოდინი გვაქვს, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანი - გეოპოლიტიკური ფუნქციის გამყარების?
- ზოგადად, მიმაჩნია, რომ ჩინურ კომპანიებს, ისევე როგორც ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ტენდერებში მონაწილეობა, მაგრამ კითხვები ჩნდება, როდესაც სახელმწიფო ირჩევს კომპანიას, რომელიც სანქცირებული იყო არა მხოლოდ აშშ-ის მიერ, არამედ სხვადასხვა დროს მსოფლიო ბანკის, ასევე სხვა საფინანსო ინსტიტუტების და ქვეყნების მიერ შავ სიაში იყო შეყვანილი. ნუთუ ეკონომიკის სამინისტრომ და სახელმწიფომ არ შეამოწმა რა სანქციების ქვეშ იყო და არის კომპანია CCCC?!
- ეკონომიკის სამინისტრომ განმარტა, რომ შეზღუდვები, რომელიც ჩინურ კონსორციუმს აშშ-ის მიერ აქვს დაწესებული, არ არის იმ სიმკაცრის, რომ CCCC-თან თანამშრომლობით საქართველო არღვევდეს რამე საერთაშორისო სანქციების რეჟიმს...
- შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, საქართველოსთვის მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სწორია. შეიძლება {მთავრობაში} მიიჩნევენ, რომ CCCC-თან თანამშრომლობა თავიანთი პირადი ინტერესებისთვის კარგი იქნება. რატომ? ეს კომპანია შრი-ლანკასა და ბანგლადეშში, სხვადასხვა პროექტში კორუფციულ გარიგებებში იყო ჩართული, რის გამოც მსოფლიო ბანკმა 10-წლიანი სანქცია დაუწესა. 2018 წელს, ჩინურმა CCCC-მ კანადაშიც სცადა კანადური ინფრასტრუქტურული კომპანიის შესყიდვა, მაგრამ კანადის უშიშროების საბჭომ საკითხი შეისწავლა და შედეგად, სახელმწიფომ გარიგება მიუღებლად ჩათვალა და დაბლოკა. მძიმე მაგალითია შრი-ლანკაში CCCC-ის საქმიანობა და ვთვლი, რომ დიდი რისკია და ხიფათი, რომ მსგავსი შემთხვევა საქართველოშიც განმეორდეს.
- კერძოდ?
- შრი-ლანკაში გადაწყვიტეს პორტის მშენებლობა, რისთვისაც შრი-ლანკას ხელისუფლებამ ჩინურ CCCC-თან გააფორმა კონტრაქტი. შემდეგ, პორტის (ჰამბანტოტას პორტის) პროექტისთვის შრი-ლანკის მთავრობამ ისევ ჩინეთისგან აიღო სესხი, რათა მშენებლობის ხარჯები დაეფარა; სესხის საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალი იყო და დღეისათვის, უკვე დამტკიცებულია, რომ ასე ძვირად ჩინეთისგან კრედიტის აღებით იხეირეს კონკრეტულმა ადამიანებმა, ვინც ე.წ. ატკატები მიიღეს, ხოლო სახელმწიფო დააზარალეს. შემდეგ კი, როდესაც შრი-ლანკამ ჩინური სესხის მომსახურება ვერ შეძლო, პორტის 100 წლით ჩინეთისთვის გადაცემა მოუწიათ და დღეს, პორტს ჩინეთი მართავს. რატომ არის ეს მაგალითი შრი-ლანკისთვის არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ გეოპოლიტიკურად ძალიან მძიმე? - თუ ჩვენ შევხედავთ აშშ-ის და ჩინეთის „ომს“, ვხედავთ, რომ ჩინეთი მაქსიმალურად ცდილობს, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა პორტის ფლობას; განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ასევე, აზიაში, სადაც შესაძლებლობა აქვს „სესხის ხაფანგის“ მეშვეობით, გადაიფორმოს პორტები და თუ სურვილი ექნება, სამხედრო დანიშნულების პორტებად გადააკეთოს, რადგან მის მფლობელობაშია. ჩინური სახელმწიფო კომპანიების და ზოგადად, ჩინეთის ამ პოლიტიკაზე აშშ-ს არაერთი ანალიზი აქვს მომზადებული და ეს დოკუმენტები ხელმისაწვდომია. მიკვირს - საქართველოს სახელმწიფომ ნუთუ არანაირი ანალიზი არ გააკეთა ამ კომპანიის საქმიანობის შესახებ?! ან რაც უფრო სავარაუდოა, ძალიან მიზანმიმართულად მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის პორტის პროექტში მისი ჩართვის, რითაც საქართველო რუსულ-ჩინურ წრეში გაერთიანდება...
- საქართველოს მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფოსა და ჩინურ კომპანიას შორის, ხელშეკრულება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გაფორმდება. თქვენი აზრით, რა უნდა ვიცოდეთ მოქალაქეებმა, ვიდრე კონტრაქტი გაფორმდება, რა კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი?
- ამ ეტაპზე, უმთავრესია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს იმ კონტრაქტის დეტალები, რომელსაც საქართველო ჩინურ კონსორციუმთან გააფორმებს. ასევე, თუ პროექტისთვის საჭირო სესხს საქართველო აიღებს ჩინეთიდან, დეტალურად უნდა ვიცოდეთ და გამჭვირვალე იყოს, რა პირობებით ხდება კრედიტის აღება; საბოლოო ჯამში, ვთვლი, რომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ჩინურ CCCC-თან ანაკლიის პორტის აშენებაზე ხელშეკრულება არ გაფორმდეს და არა მხოლოდ „სესხის ხაფანგის“ პრობლემის რისკის გამო, არამედ ეს კომპანია ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის იმ ქვეყნებში, სადაც შედის და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. შრი-ლანკას მაგალითის გარდა, შეგვიძლია, მოვიყვანოთ კენიის გამოცდილებაც, სადაც CCCC პორტს აშენებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კენიის მთავრობამ აღმოაჩინა, რომ ჩინური კომპანია ადგილობრივ თანამშრომლებს სამჯერ ნაკლებ ხელფასს უხდიდა, ვიდრე ჩინეთიდან ჩამოყვანილ სამუშაო ძალას. ამდენად, სამწუხაროა, რომ საქართველო ასეთი ტიპის კომპანიებთან თანამშრომლობას გეგმავს.