მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე მიუთითებს - ბესო ნამჩავაძე ანაკლიის პორტზე

ანაკლიის პორტი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მთავარი ეკონომისტი, ბესო ნამჩავაძის თქმით, ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანია China Communications Construction Company Limited-ზე (CCCC) სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კორუფციულ საქმეში ფიგურირებდა, თუმცა ამჟამად ისინი არ ხვდებიან შავ სიაში, რომლის გამოც საქმიანობა შეეზღუდებოდათ. საკითხზე მან BMG tv-ის გადაცემა BMGDrive-ში ისაუბრა.

“CCCC მსოფლიოს შემოსავლებით TOP-500 კომპანიაში შედის. ბევრი პროექტი აქვთ გაკეთებული, რაც, ერთი მხრივ, კარგია, დიდი გამოცდილება აქვს, მეორე მხრივ კი, სამწუხაროდ, ბევრი არასასურველი შემთხვევები და სკანდალები, მათ შორის 10-ზე მეტი კორუფციული ფაქტი აქვს დაგროვებული.

ამ ფაქტების გამო კომპანია ადრე მსოფლიო ბანკის შავ სიაში ხვდებოდა, რაც ნიშნავდა, რომ სახელმწიფოს CCCC-სთან კონტრაქტის დადება ეკრძალებოდა, თუ პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებდა. ამწუთას შავ სიებში არ არის, არის აშშ-ის სანქციების ქვეშ, რაც მოიაზრებს, რომ ამერიკულ კომპანიებს სჭირდებათ სპეციალური ნებართვა და ლიცენზია იმისთვის, რომ CCCC-სთან ითანამშრომლონ”, - ამბობს ბესო ნამჩავაძე.

იგი განმარტავს, რომ CCCC-სთან ანაკლიის პორტის კონტრაქტის გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს, თუმცა ამ პარტნიორობის მთავარი ნეგატიური მხარე ქვეყნის საგარეო კურსის გაცხადებული ცვლილებაა.

“იურიდიული აკრძალვა არ არსებობს, რომ კონტრაქტი გავუუქმოთ, თუმცა რეპუტაციულად ასეთ კომპანიასთან თანამშრომლობა ეჭვებს აჩენს, რა შეიძლება იდგეს ამის უკან, მით უმეტეს, კონტექსტის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ქვეყანაში ბოლო პერიოდში. თუმცა ის, რომ CCCC ადრე კორუფციულ სკანდალში მონაწილეობდა, არ ნიშნავს, რომ საქართველოშიც იმავეს გააკეთებს. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით და კონტრაქტის ყველაზე ცუდი განზომილება რაცაა ისაა, რომ საგარეო კურსის ცვლილებებზე მიანიშნებს, ისევე როგორც რუსული კანონის მიღება.

ეს პროექტი არ არის რიგითი ავტობანზე გზის დაგების პროექტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურაა, მას გააჩნია გეოპოლიტიკური დანიშნულება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ამ პორტის ოპერატორი კომპანია”, - განმარტავს ნამჩავაძე.

ცნობისთვის, კონტრაქტის თანახმად, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის პირველი ფაზის მიხედვით უნდა აშენდეს პორტი რომლის გამტარიანობაც წლიურად 7 მილიონი ტონა ტვირთების და 600,000 კონტეინერის მომსახურება იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები