მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური AliExpress-ი საქმიანობის EU-ს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე მუშაობს

Aliexpress

ონლაინ ვაჭრობის ჩინურმა საიტმა AliExpress-მა განაცხადა, რომ საქმიანობის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად კონტროლის მექანიზმებს აუმჯობესებს, რადგან ევროპელი კანონმდებლები კომპანიას საშიში და ყალბი პროდუქციის გაყიდვის გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ.

ევროკავშირმა გააძლიერა კონტროლი ისეთ სწრაფად მზარდ ონლაინ-პლატფორმებზე, როგორებიცაა AliExpress-ი, Temu და Shein-ი, რომლებსაც დაბალფასიანი ელექტრონული კომერციის ამანათებზე დაწესებული შეღავათის წყალობით, ბლოკის ქვეყნებში ჩინეთში წარმოებული იაფი პროდუქცია უბაჟოდ შეაქვთ.

Alibaba-ს მფლობელობაში მყოფი AliExpress-ი - კომპანიის პლატფორმა, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის პროდუქციას - 2024 წლის მარტიდან ევროკომისიის გამოძიების ქვეშაა და ივნისში იურიდიულ ვალდებულებებს კონტროლის გასაუმჯობესებლად დათანხმდა.

თუმცა ნოემბერში Reuters-მა აღმოაჩინა, რომ AliExpress-ზე უხამსი სათამაშოები იყიდებოდა, რის გამოც პლატფორმამ განაცხადა, რომ ამ პროდუქციის ჩინელი გამყიდველი დაბლოკა.

როგორც კანონმდებლებს Alibaba-ს საერთაშორისო სამთავრობო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ერიკ პელეტიემ განუცხადა, AliExpress-მა აიღო ვალდებულება, მოზრდილთათვის განკუთვნილი პროდუქციის ხილვადობა ძირეულად შეზღუდოს.

"ამავდროულად, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს/ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომისიასთან დარჩენილი პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის უკანონო განცხადებების ხელახლა გამოჩენის აღსაკვეთად, ჯარიმების გასამკაცრებლად და წესების დამრღვევი გამყიდველების პლატფორმიდან დაბლოკვის დასაჩქარებლად", - აღნიშნა პელეტიემ.

გასულ წელს ევროკავშირში შესული დაბალფასიანი ელექტრონული კომერციის ამანათების რაოდენობა 26%-ით გაიზარდა და 5.8 მილიარდს მიაღწია. ბლოკი ამ გზავნილებზე გადასახადების დაწესებას გეგმავს, რათა ადგილობრივ საცალო მოვაჭრეებთან კონკურენცია უფრო სამართლიანი გახადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები