ჩინური ენერგოგიგანტი Sungrow, რომელიც მზის პანელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღლუჯაში 100-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.
პროექტის განხორციელება კომპანიის ქართული შვილობილის - "იტეკ მარნეულის" საკუთრებაში არსებულ 1,600,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე იგეგმება. პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ კომპანიას საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა მიმდინარე წლის 21 თებერვალს გამოცემული განკარგულებით დაავალა, 31 ოქტომბერს კი კომპანიამ შესაბამისი სკოპინგის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინა.
პროექტი განხორციელების შემთხვევაში ქვეყანაში უმსხვილესი მზის ელექტროსადგური იქნება. წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ახალი სადგური 191,828 ერთეული მზის პანელით აღიჭურვება.
სადგურს ასევე ექნება მაღალი ძაბვის ქვესადგური, რომლის საპროექტო დოკუმენტაციაც კომპანიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინა.
როგორც BM.GE-ის კომპანიაში განუმარტეს, პროექტზე სანებართვო პროცესის დასრულებას უახლოეს მომავალში მოელიან. ამასთან, ამჟამად პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულების დათვლის სამუშაოები გრძელდება.
ჩინური კორპორაცია Sungrow მზის პანელების, ინდუსტრიული ინვერტერების, ინდუსტრიული ბატარეების და სხვა ელექტრონული აღჭურვილობის მწარმოებელია. კომპანია ასევე ფლობს მზის ელექტროსადგურებს ჩინეთში და მის ფარგლებს გარეთ.
2024 წელს Sungrow ჯგუფის შემოსავალი 11 მილიარდ დოლარს, მოგება კი $1.5 მილიარდს შეადგენდა. კომპანია საქართველოს პროექტის განვითარებასთან ერთად, ამჟამად მუშაობს ყაზახეთში 100-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე, ასევე 96-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე ფილიპინებში.
Sungrow ჩინეთის საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 55 მილიარდ დოლარს შეადგენს.
იაღლუჯის მზის ელექტროსადგურისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურის სიტუაციური რუკა:






























