მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური HUAWEI უკვე 6G ინტერნეტის განვითარებაზე მუშაობს

638dc8abe412a
გიორგი თოლორდავა
06.12.22 00:05
733
ტელეკომუნიკაციების ინდუსტრია სწრაფი ტემპით განვითარებას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს დიდ ნაწილში და მათ შორის, საქართველოში 5G ინტერნეტი ჯერაც არ არის ხელმისაწვდომი, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Huawei უკვე 6G ინტერნეტის განვითარებაზე მუშაობს. 

გასულ კვირას ჩინეთის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, Huawei-სა და ZTE-ის მიერ 6G ინტერნეტის სატესტო გამოცდა ჩატარდა, რომელსაც ქვეყნის ციფრული და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სამინისტრო ხელმძღვანელობდა.

3G-დან მოყოლებული, სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში ჩინური კომპანიები დომინირებენ, რაც უპრეცედენტო სამთავრობო სუბსიდირების პროგრამებითაა განპირობებული. ინტერნეტის განვითარების მომდევნო ეტაპზეც ჩინეთის მთავრობა გეგმავს, რომ დომინანტური პოზიცია გაიმყაროს და "ეროვნულ ჩემპიონებად" წოდებულ კომპანიებს უპირატესობა მისცეს.

6G-ის შესაძლებლობებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა სავარაუდოდ, ის 5G-ზე გაცილებით სწრაფი, მოქნილი და სტაბილური იქნება, რაც მომხმარებელს მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, აშშ-ის მთავრობამ სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო სამსახურებში ჩინური სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება აკრძალა, თავად Huawei და ZTE კი სანქცირებულ კომპანიათა შორის არიან, რომლებთან თანამშრომლობის უფლებაც ამერიკულ ორგანიზაციებს აღარ აქვთ.

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს იღებენ ევროკავშირისა და "დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოებიც, თუმცა ფაქტია, რომ ინტერნეტის განვითარების ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციებს ისევ ჩინური კომპანიები ინარჩუნებენ, მათთვის კონკურენციის გაწევა კი დასავლური Nokia-სა თუ Ericsson-ისთვის სულ უფრო რთული ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები