მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური ინვესტიციები მისასალმებელია, მაგრამ არ არის მისასალმებელი "ანაკლიის პორტზე" ვითომ ტენდერი რომ ჩაატარეთ - გოცირიძე

რომან გოცირიძე

ანაკლია არის დიდწილად ჩინური ტვირთების პორტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ანაკლია ჩინელებმა უნდა ააშენონ, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

დარჩიაშვილი პარლამენტში დეპუტატების ჯგუფმა დაიბარა და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე მოუწია კითხვებზე პასუხების გაცემა.

„ანტიჩინური ისტერიის მომხრე არ ვარ. არავითარ შემთხვევაში არ მგონია, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება შეიძლება დამაზიანებელი იყოს, პირიქით, მისასალმებელია თავისუფალი ვაჭრობის შემოღება და თუკი ამ ხელისუფლებას რაიმე ჩაეთვალოს აქტივში, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის და დანარჩენი ვერ წარმომიდგენია, რომ ამ ხელისუფლების რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად ეკონომიკური კუთხით რაიმე სასიხარულო ყოფილიყოს. ისევე, როგორც ის კრიტიკა, რომელიც გაისმის შუა დერეფნის წინააღმდეგ, ან "ერთი გზა - ერთი სარტყლის" პროექტის წინააღმდეგ, აბსოლუტურად არასწორია ეს ყველაფერი.

მაშინ რაში გვჭირდება ბაქო-თბილისი-ყარსის გზა? იქ აზერბაიჯანული ტვირთები კი არ იქნება, იქ არის ცენტრალური აზიის და ჩინური ტვირთები. ან გვინდა ანაკლია და ჩინური ეკონომიკა არ გვინდა? ანაკლია არის დიდწილად ჩინური ტვირთების პორტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ანაკლია ჩინელებმა უნდა ააშენონ. ვისი ტვირთიც არის იმის პორტი კი არ უნდა იყოს. ეკონომიკურ ნაწილში აბსოლუტურად სწორია ჩინეთთან დაკავშირების კურსი. ჩინური ინვესტიციები არ არის საქართველოში. ჩინური ინვესტიციები თუ განხორციელდება გონივრულ ვადებში და გონივრულ სექტორებში, ეს მისასალმებელია. მაგრამ არ არის მისასალმებელი, ვითომ ტენდერი რომ ჩაატარეთ და ვითომ შვეიცარიული კომპანია მონაწილეობს და წინასწარ გადაწყვიტეთ ჩინელებისთვის მიგეცათ ანაკლია“, - თქვა რომან გოცირიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები