მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩინური კომპანიები სასათბურე პირობებში არიან" - პაატა ტრაპაიძე ინფრასტრუქტურის მშენებელთა გამოწვევაზე

პაატა ტრაპაიძე

"ქართული კერძო კომპანიები ფასებით ვერ დაამარცხებენ ჩინურ სახელმწიფო კომპანიებს, რომლებსაც საკუთარი ქვეყანა ასუბსიდირებს", - ამის შესახებ "კავკასუს როუდ პროჯექტის" მმართველმა პარტნიორმა, პაატა ტრაპაიძემ BMG-სთან მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

9 აპრილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს, მთავრობის ადმინისტრაციის უფრო ლევან ჟორჟოლიანსა და ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

დარგის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი: სურს მოკლევადიანი დაბალი ფასი, თუ ქართული სამშენებლო სექტორის გაძლიერება და დასავლური ხარისხის სტანდარტების დამკვიდრება.

პაატა ტრაპაიძის თქმით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური კომპანიების დომინირება არა თავისუფალი ბაზრის, არამედ არათანაბარი პირობების შედეგია. ბიზნესმენი ხაზს უსვამს, რომ მთავრობა, როგორც დამკვეთი, ხშირად მხოლოდ დაბალი ფასით ხელმძღვანელობს, რაც ქართულ კომპანიებს თამაშიდან თიშავს.

"შეუძლებელია, რომ ქართულმა კერძო კომპანიებმა ფასებით დაამარცხონ ჩინური კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფო უკეთებს სუბსიდირებას. ეს არის თემა, რომელიც აუცილებლად გადასაწყვეტია. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავუწევთ კონკურენციას ჩინურ კომპანიას, რომელსაც დოტაცია აქვს ჩინეთიდან.

აი, ეს მოისმინა პრემიერ-მინისტრმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მინისტრმა კი ეს ისედაც ძალიან კარგად იცოდა. თუ ეს მიდგომა არ შეიცვალა, სექტორი მძიმე მდგომარეობაში დარჩება. ჩინურ კომპანიებს შექმნილი აქვთ რაღაც სათბურის პირობები. რატომ? იმიტომ, რომ ისინი დაბალ ფასებს დებენ. მესმის დამკვეთის მხრიდან - რაც უფრო დაბალ ფასს დადებ და ნაკლებ ფასში გააკეთებინებ, მით უფრო კმაყოფილია მთავრობა. მაგრამ დღეს გააკეთა, თუმცა რამდენი ხანი გაძლებს ეს ხარისხი, ეს ხომ არავინ იცის? ეს საკითხი უნდა დადგეს - როგორ ვუყურებთ ჩვენ ამ თემას? თუმცა დღეს დავინახეთ მზაობა, რომ მთავრობაც დაინტერესებულია, რადგან ინფორმაცია მისულია მათთან", - ამბობს ტრაპაიძე.

პაატა ტრაპაიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ჩინურმა კომპანიებმა განვითარება დასავლური ცოდნის იმპორტით შეძლეს, საქართველომ კი პირდაპირ ევროპულ გამოცდილებაზე უნდა აიღოს ორიენტირი.

"ჩვენ არ ვლაპარაკობთ მხოლოდ ფასზე. ფასი ერთ-ერთი საკითხია: მნიშვნელოვანია მასალის გამოყენება, პროექტის ხარისხი და საერთოდ, სამუშაოს შესრულების დონე. ჩინელებმა დასავლელი ინჟინრებისგან ისწავლეს ძალიან ბევრი რამ. 2000-იანების დასაწყისში და მანამდეც, ისინი პატიჟებდნენ გერმანელ, ინგლისელ, ამერიკელ ინჟინრებს და მათთან ერთად, მათი ხელმძღვანელობით მუშაობდნენ. დღეს საოცრებებს აკეთებენ, მაგრამ ეს მათ ისწავლეს დასავლეთისგან, რადგან იქ სხვა ინჟინრული აზროვნებაა.

ჩვენ რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ. თუ გვინდა, რომ ისეთივე გზები გვქონდეს, როგორც გერმანიაში ან შვეიცარიაშია, უნდა გავიგოთ, როგორ მუშაობენ ისინი და ეს გამოცდილება გადმოვიტანოთ. ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის", - ამბობს ის.

ბიზნესმენი ჩინურ ინვესტიციებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტშიც განიხილავს.

ბიზნესმენი სვამს კითხვას, რომელიც ჩინური ინვესტიციების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბუნებას ეხება. მისი თქმით, საქართველოში ჩინური კომერციული სექტორი კი არა, სახელმწიფო მანქანა მუშაობს.

"მარტივ კითხვას გისვამთ: რატომ არ არიან საქართველოში შემოსული ჩინური კომერციული კომპანიები? სახელმწიფო კომპანიები რატომ მუშაობენ მხოლოდ? ეს უბრალოდ ჩინეთის ექსპანსიის თემაა. დამკვეთმა უნდა თქვას: თუ გვინდა ჩინურით აშენებული პროექტები, უნდა ვიცოდეთ მაინც, რომ ეს გვინდა და მორჩა. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ სერიოზულ ეკონომიკურ გათვლებზე უნდა იყოს ბაზირებული - რას მოგვიტანს ჩვენ ჩინელების აშენებული ყველაფერი და რას მოგვიტანს ქართული კომპანიების გაძლიერება", - ამბობს ტრაპაიძე.

პაატა ტრაპაიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სექტორში "ქირურგიული რეფორმებია" საჭირო. მისი თქმით, მშენებელთა ასოციაცია უახლოეს პერიოდში მთავრობას საკუთარ ხედვას წარუდგენს, სადაც აქცენტი არა მხოლოდ ფასზე, არამედ ხარისხსა და ადგილობრივი ბიზნესის მდგრადობაზე იქნება გაკეთებული.

"ამ დარგში ქირურგიული რეფორმებია საჭირო" - რაზე შეთანხმდა მთავრობა ინფრასტრუქტურის მშენებლებთან?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები