E-space-ს გენერალურმა დირექტორმა დავით იოსავამ "საქმის კურსის" ეთერში საქართველოში ჩინური ელექტრო ავტომობილების ბაზრობის გახსნის გეგმა შეაფასა. მისი თქმით, მთავარი საექსპორტო მიმართულებები მეზობელი ქვეყნები და ევროკავშირი იქნება.
"ჩემი აზრით, ეს, ალბათ, სომხეთი და აზერბაიჯანი იქნება. თუმცა ორივე ქვეყანაც მცირე ბაზარია. უფრო მეტი მოლაპარაკებების შემდეგ გამოჩნდება. შესაძლოა, საქართველოდან გატანილი ელექტრო ავტომობილი ევროპაშიც მოხვდეს. ჩვენი ქვეყნიდან საკმაოდ კარგი მარშრუტებია. თურქეთს, ალბათ, გამოვრიცხავ. თურქეთმა ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე 40%-იანი დამატებული ღირებულების გადასახადი დააწესა. ალბათ, უფრო ევროპისკენ".
- ჩინურ ელექტრო ავტომობილების იმპორტზე ტარიფს ევროკავშირიც აწესებს ...
"ეს დროში გაწელილი პროექტია. ევროპული ავტომობილების ნაწილიც ეწყობა ჩინეთში, შესაბამისად, ამ მოლაპარაკების და შეზღუდვის მიღწევას დიდი დრო დასჭირდება", - განაცხადა მან.
რაც შეეხება ხარისხს. დავით იოსავას თქმით, ჩინური ელექტრო ავტომობილების ხარისხი მაღალი, ფასები კი ევროპულზე დაბალია.
"ჩინური ელექტრო ავტომობილების ფასი ევროპულ და ამერიკულ ბრენდებთან შედარებით, მცირეა. შესაბამისად, საქართველოში უფრო იაფიანი ავტომობილები შემოვა. საშუალო ფენასაც არჩევანის საშუალება ექნება, არჩევანის გაკეთების დროს გადაწყვიტოს, ელექტრო მანქანაზე გადაჯდეს თუ შიდა ძრავიანი ავტომობილი გამოიყენოს. ჩინური ახალი ელექტრომობილის შეძენა $30000-ზე ნაკლებად არის შესაძლებელი. მანქანის ტიპზე არის დამოკიდებული. ევროპული ბრენდების, მაგალითად, როგორებიცაა BMW თუ Tesla, მაღალი გამავლობის ავტომობილების ღირებულება $50000-დან იწყება, მსუბუქი ელექტრომობილების კი $25000-დან. რაც შეეხება ხარისხს. არის ისეთი ბრენდები, რომლებიც ევროპაშიც იყიდება და აშშ-იც იგეგმება. ზოგიერთი ავტომობილი თითქმის იმავე ხარისხისაა, როგორიც ევროპული, ზოგიერთი ჯობს კიდევაც", - აღნიშნა დავით იოსავამ.
ჩინეთი საქართველოში მეორადი ელექტროავტომობილების ბაზრობის გახსნას გეგმავს. ბაზრობის ადგილმდებარეობად ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განიხილება. საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველი ჭაო ჩუან’ი BMG-სთან ამბობს, რომ ადგილმდებარეობა ჩინურმა ლოგისტიკურმა კომპანიებმა შეარჩია.