მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური უნდა ვისწავლოთ... გვინდა თუ - არა, მათთან ვაჭრობა პერსპექტიულია - „კონჭო და კომპანია“

კონჭო და კომპანია

ჩინეთის მიმართულებით ქართული ღვინის ექსპორტი იკლებს. გასულ წელს ღვინის ექსპორტიორებმა ჩინეთში მხოლოდ 11,6 მილიონი დოლარის ღირებულების 3 164 ტონა ღვინო გაყიდეს, მაშინ როცა პანდემიურ 2019 წელს ეს მაჩვენებელი $18,8 მლნ [5 204 ტონა] იყო. კლება გაგრძელდა მიმდინარე წელსაც. მხოლოდ 5 თვეში ჩინეთში ღვინის ექსპორტი 42%-ით შემცირდა და $2,9 მლნ შეადგინა. იანვარ-მაისში ჩინეთის მიმართულებით მხოლოდ 824 ტონა ღვინო გადაიტვირთა, რასაც ქართველი ექსპორტიორები ზოგადად ჩინეთის ბაზარზე ღვინოს მოხმარების კლებით ხსნიან.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინოზე მოთხოვნა მცირდება, ქართული ღვინის კომპანიებისთვის აზიის ბაზარი, კონკრეტულად კი ჩინეთი მაინც საინტერესო და პერსპექტიული საექსპორტო მიმართულებაა.

ქართული ღვინო ჩინეთის ბაზრისთვის მაინც ახალია, ამიტომ ქართულ კომპანიებს ამ ბაზარზე ათეული წლების განმავლობაში მოქმედი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ. გამოწვევაა ცნობადობა და სანდო პარტნიორის მოძიება. იმ კომპანიების ნაწილი, რომლებსაც ჩინეთში ექსპორტის გამოცდილება აქვთ, ამბობენ, რომ არსებობს ენობრივი ბარიერიც, ამიტომ თუ ქართულ ბიზნესს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება სურს, ჩინური ენის სწავლებაც მოუწევს.

„ჩინეთი საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია. ქართული ღვინო ჯერ არ არის პოპულარული იქ, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევიან. კოვიდმა ძალიან შეამცირა ღვინოზე მოთხოვნა და ახლა ახლიდან იწყება [ბაზრის ათვისება].

ჩინეთში პარტნიორის მოძიება რთულია. ასევე არსებობს ენობრივი ბარიერი და პოტენციურ პარტნიორებთან გვიძნელდება ურთიერთობა.

მონაწილეობას ვიღებთ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენებში, თუმცა სხვა გამოფენებში ვერ ვმონაწილეობთ სწორედ ენობრივი ბარიერის გამო. უნდა ვისწავლოთ ჩინური, გვინდა არ გვინდა მათთან სავაჭრო ურთიერთობა პერსპექტიულია“,- აცხადებს „კონჭო და კომპანიას“ გენერალური დირექტორი თამაზ კონჭოშვილი.

მისი თქმით, ქარხნიდან რეალიზებული ღვინო ჩინეთის ბაზარზე სამჯერ ძვირად იყიდება. ფასს აძვირებს ტრანსპორტირება, დისტრიბუციისა და მაღაზიაში განთავსების ხარჯი.

„3 დოლარად რომ ვუშვებთ ღვინოს ქარხნიდან, 9-10 დოლარად იყიდება ჩინეთში დახლებზე. კონკურენცია დიდია, მათ შორის ადგილობრივ ბაზარზე. ბევრი ღვინის ქარხანა შენდება, ეძებენ პარტნიორებს, აქეთ იქით ეწევიან კლიენტებს, რომ გაასაღონ პროდუქცია. ძალიან ბევრი არ არის გამოცდილი, ჰგონიათ, რომ დაამზადებენ ღვინოს და გაყიდიან. მერე ფინანსურ ვალდებულებებს ვერ ემსახურებიან და ღვინოს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდიან“,- აცხადებს კონჭოშვილი.

„კონჭო და კომპანია“ ჩინეთში ქართული ღვინის ერთ-ერთი ექსპორტიორი კომპანიაა. როგორც მისი ხელმძღვანელი ამბობს, წლის განმავლობაში ჩინეთის მიმართულებით ღვინით დატვირთული 30 კონტეინერის გადატვირთვა ხდება, რაც 200 000 ბოთლს უდრის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები