მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩრდილოვანი ეკონომიკის მიმართულებით მთავარი გამოწვევა კომპანიების მიერ დასაბეგრი ბაზის შემცირებაა - ძნელაშვილი

ზურაბ ძნელაშვილი

Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი ზურაბ ძნელაშვილი აცხადებს, რომ ჩრდილოვან ანუ დაუკვირვებად ეკონომიკასთან დაკავშირებით საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით რამდენიმე გამოწვევაა.

როგორც ძნელაშვილმა “საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ძირითადი პრობლემა ისაა, რომ კომპანიების ნაწილი, რომლებიც გადასახადის გადამხდელებად არიან რეგისტრირებულები, დასაბეგრ ბაზას იმცირებენ - ბრუნვებს საერთოდ არ ადეკლარირებენ ან არასწორად ადეკლარირებენ.

ზურაბ ძნელაშვილის განცხადებითვე, დადებითი მოვლენაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილს ზრდის ტენდენცია არ აქვს.

“ნებისმიერი სტატისტიკური მაჩვენებელი მაინც პირობითია, იმიტომ რომ დამოკიდებულია მეთოდოლოგიაზე, რა მეთოდოლოგიით ვითვლით. შეიძლება სხვა მეთოდოლოგიით რომ დავითვალოთ [ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი] გამოვიდეს 40% და ამ მეთოდოლოგიით, რომლითაც საქსტატი ითვლის, გამოდის 13.5%. კარგია, რომ ზრდის ტენდენცია არ აქვს და სტაბილურად არის ამ ნიშნულზე გაჩერებული.

რაც შეეხება თვითონ ჩაშლას, მე გამოვყოფდი რამდემიმე მიმართულებას. ერთი - ბიზნესი, რომელიც საერთოდ არ არის რეგისტრირებული, არ აქვს სახელმწიფო რეგისტრაცია გავლილი და საგადასახადო აღრიცხვა. ანუ არიან ადამიანები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან და საერთოდ არ ფიქსირდებიან არანაირ ოფიციალურ მონაცემებში.

მეორე - როდესაც ადამიანები აღრიცხვაზე დგებიან, ჩვეულებრივ გადამხდელად არიან აღრიცხულები, ინდმეწარმედაც შეიძლება იყოს დარეგისტრირებული, მცირე მეწარმის სტატუსიც ჰქონდეს, მაგრამ უბრალოდ არ ადეკლარირებდეს არაფერს. ძირითადი პრობლემა მაინც დღეს ეს არის.

აღურიცხავი კომპანიები, ანუ პირების რაოდენობა, რომლებიც არ არიან აღრიცხულები საერთოდ საგადასახადოს ბაზაში, ვფიქრობ, რომ ძალიან მცირე არის. ძირითადი პრობლემა არის ის, რომ უკვე ყველამ ისწავლა ჭკუა, ყველამ გაიარა რეგისტრაცია. 500 ლარიანი ჯარიმაა, ზოგს დააჯარიმებენ, ზოგს გაფრთხილება მისცეს, ზოგს ვადა მისცეს, ასე თუ ისე ყველა არის აღრიცხული. მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისინი ბრუნვებს არ ადეკლარირებენ სწორად, ან ამცირებენ, ან საერთოდ არ ადეკლარირებენ, ანუ შემცირება დასაბეგრი ბაზის”, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა ქვეყნისთვის რამდენიმე მიმართულებითაა გამოწვევა, როგორც საბიუჯეტო თანხების დანაკლისის, ასევე ბიზნესსექტორში არასამართლიანი კონკურენციის გამო

“ერთი არის, რომ თვითონ შემოსავალი აკლდება ბიუჯეტს, მეორე, რომ სტატისტიკა მახინჯდება და რეალური წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება ეკონომიკაში და მესამე - კონკურენცია მახინჯდება. აბსოლუტურად დამახინჯებული არის გარემო, ბაზარი, იმიტომ რომ ვიღაცები არიან კეთილსინდისიერები, რომლებიც იხდიან გადასახადებს. მეორე არის კატეგორია, რომელიც საერთოდ არ იხდის გადასახადს და შესაბამისად, შედეგები ზოგადად ბაზრისთვის არის მძიმე და მათ შორის კეთილსინდისიერი ბიზნესისთვის”, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ჩრდილოვანი, ანუ დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი ამ დროისთვის 13%-ის ფარგლებშია. საქსტატის თანახმად, აღურიცხავი საქმიანობების წილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სასტუმროების და რესტორნების, ასევე ვაჭრობის და უძრავი ქონების ოპერაციების სექტორში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები