მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში - გარემოს დაცვის მინისტრი

63f85c6239890
თინათინ ნატმელაძე
24.02.23 11:20
658
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) შესრულების ანგარიშის მოსმენა გაიმართა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, როგორც ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევის საკითხზე ისაუბრა და ყურადღება ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის მნიშვნელობასა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში 87% -იანი პროგრესი გვაქვს. ეს არის სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის ერთობლივი ეფექტიანი მუშაობის შედეგი. ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, რაც მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გეგმის შესრულების პროცესში ჩართული შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ თანამშრომლობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად. პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს ტექნიკური ინსპექტირების განმეორებითი ჯარიმის და ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის კანონპროექტს, რაც ერთობლივად დაგვეხმარება ჩვენი საერთო მიზნის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიღწევაში“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

ასევე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რომ ქალაქს გამწვანების დიდი პოტენციალი აქვს, რაც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პროცესს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების, გაფრქვევების თვითმონიტორინგის გაუმჯობესების, რუსთავში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვის შემცირების, მწვანე ინფრასტრუქტურის ასევე, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხებს.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი, კახა კაკაბაძე, სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდე“ წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის და უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები