ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის მიესალმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც კომისია სანქციების 22-ე პაკეტის პროექტით წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღების რეკომენდაციას აძლევს.
ქარხანას სანქციების 21-ე პაკეტით, რომელიც 23 ივლისს დამტკიცდა 6 თვიანი გარდამავალი პერიოდი მიეცა რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლებისთვის წინააღმდეგ შემთხვევაში 2027 წლის 25 იანვრიდან მასზე ფინანსური ტრანზაქციების შეზღუდვა გავრცელდებოდა.
პრემიერის განცხადებით, "აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ამ ობიექტის სასანქციო სიიდან ამოღება ხდება".
"მხოლოდ დადებითად შევაფასებდი. ჩვენ ფაქტებზე ვსაუბრობდით, მაშინაც გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები და აღტკინებით საუბრობდნენ იმაზე რომ ყულევი ხდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს და იყო ტყუილზე დაფუძნებული, რაც საბოლოო ჯამში დასტურდება იმით რომ იცვლება ეს გადაწყვეტილება, ანუ რასაც ჩვენ ვამბობდით ის აღმოჩნდა სიმართლე. შესაბამისად აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ობიექტის ამოღება სასანქციო სიაში და მხოლოდ მივესალმებით,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიიდან ქარხნის ამოღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება. თუ ისინი წინადადებას 2027 წლის 25 იანვრამდე დაამტკიცებენ, ქარხანაზე ფინანსური გარიგებების შეზღუდვა აღარ ამოქმედდება. სანქციების პაკეტის დეტალური პროექტი გუშინ საღამოს თავდაპირველად გამოცემა The Kyiv Independent-მა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ევროკომისია BSP-ის ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სიიდან ამოღების რეკომენდაციას გასცემდა.
ქარხნის მფლობელი და ოპერატორი Black Sea Petroleum-ის განცხადებით, საწარმო 23 აგვისტოდან მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს ამუშავებს და ამ პოლიტიკას მომავალშიც შეინარჩუნებს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი მონაცემებით, ოქტომბერში ქვეყანაში 86,300 ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა, ხოლო მომწოდებელი ქვეყანა მხოლოდ ლიბია იყო.
დღეს კი კომპანიამ ლიბიიდან ნედლი ნავთობის მეოთხე პარტიის მიღების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, ყულევში ორი ტანკერის მეშვეობით 18 და 23 ნოემბერს 87,500 ტონა ლიბიური ნედლი ნავთობი შევიდა.
























