"ჯუნის" დირექტორი ლაშა სეფერთელაძე ამბობს, რომ ტურისტული კომპანია არა მხოლოდ შემომყვან ტურიზმზე მუშაობს, არამედ ერთგვარი ჰაბია, რომელსაც ისრაელიდან ევროპაში შეჰყავს ტურისტები.
მან კომპანიის ბიზნეს მოდელზე "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.
"კომპანია აქტიურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან მოყოლებული. ახსენეთ ათიათასობით ტურისტი შემოგვყავს ყოველწლიურად, პრაქტიკულად ვართ "ისრაელ ეარლაინსის" შვილობილი კომპანია საქართველოში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში ჩვენ მხოლოდ შემომყვანი ტურიზმი არ ვართ, ჩვენ ვართ ასე ვთქვათ ჰაბი, რომელსაც შეჰყავს ისრაელიდან ევროპაში ტურისტები. რამდენიმე თვის წინ, სანამ ომი დაიწყებოდა [ახლო აღმოსავლეთში], გავხსენით უნგრეთის ბაზარი, ასევე საბერძნეთის და სხვა ბაზრები გვაქვს. უნგრეთის ბაზარმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ებრაელებისთვის და რა დატვირთულობაც საქართველოზე მოდის, თითქმის იგივე დატვირთულობა გვაქვს უნგრეთის ბაზარზე. ეს ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ თუ ებრაელი ტურისტი ჩავიდა უნგრეთში პირდაპირ, რა თქმა უნდა თანხა იბეგრება საქართველოში, საქართველოში რჩება შემოსავალი ბიუჯეტში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი კომპანიისთვის მთავარი სახე, რომ ეს არ არის მხოლოდ შემომყვანი ტურიზმი საქართველოში, ჩვენ გაგვყავს ისრაელიდან ებრაელები სხვა მიმართულებით ევროპაში და თანხა რჩება საქართველოში, ქართველები არიან ამ მიმართულებით დასაქმებულები და საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ იქაც. რა მოგებაც დაგვრჩება უნგრული და სხვადასხვა ბაზრებიდან, იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და ბუნებრივია თანხა რჩება საქართველოში. როცა დივიდენდს გავიტანთ ან ხელფასებს დავარიგებთ, 20%-ით ჩვეულებრივად ვიბეგრებით საქართველოში",- განაცხადა ლაშა სეფერთელაძემ.
ტურისტული კომპანია „ჯუნი“ ისრაელის ავიახაზების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ადგილობრივი ბაზრის 30%-ზე მეტს ფლობს, რაც წელიწადში დაახლოებით 150 000 ვიზიტორს შეადგენს.




























