მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ მოთმინების ამოუწურავი რესურსი არ გვაქვს" - საუდის არაბეთი ირანს აფრთხილებს

საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა, თეირანს მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა და მოუწოდა, რეგიონის მეზობლების მიმართ თავის აგრესიულ სტრატეგიას დაუყოვნებლივ გადახედოს.

ერ-რიადში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყურის ქვეყნების მოთმინება „უსაზღვრო არ არის“ და მათ ირანის თავდასხმებზე საპასუხოდ სერიოზული სამხედრო შესაძლებლობები გააჩნიათ. პრინც ფაისალის თქმით, ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების სიზუსტე მოწმობს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული კამპანია და არა განვითარებულ მოვლენებზე სპონტანური რეაქცია.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ამ განცხადებას წინ არაბული და ისლამური ქვეყნების მინისტრების საგანგებო შეხვედრა უძღოდა, სადაც მათ რეგიონში მიმდინარე ომი განიხილეს. შეგახსენებთ, ოთხშაბათს ირანულმა ძალებმა ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ობიექტებზე, მათ შორის კატარის რას ლაფანის ჰაბსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ჰაბშანის გაზის საწარმოზე იერიში მიიტანეს. კატარმა მომხდარი „აშკარა აგრესიად“ შეაფასა და ქვეყნიდან ირანელი ატაშეები გააძევა. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ერ-რიადისა და აღმოსავლეთ რეგიონის მიმართულებით გაშვებული ირანული ბალისტიკური რაკეტები წარმატებით მოიგერიეს.

პრინცმა ფაისალმა აღნიშნა, რომ ირანის მიერ მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება საერთაშორისო საზოგადოებაზე ზეწოლის მცდელობაა. მისი თქმით, მაშინაც კი, როდესაც ეს ომი დასრულდება, თეირანთან ნდობის აღდგენას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რადგან ირანის ტაქტიკამ ორმხრივი ურთიერთობები "სრულად გაანადგურა". მინისტრმა ირანის ხელისუფლების კეთილგონიერებაში ეჭვი შეიტანა, თუმცა იმედი დაიტოვა, რომ თეირანი სწორად გაიგებს გზავნილს, შეწყვეტს თავდასხმებს მეზობლებზე და გამოიჩენს კეთილგონიერებას, რათა "არ მიიყვანოს საქმე იქამდე, როცა "გალფის" ქვეყნებს საპასუხო სამხედრო მოქმედებების განხორციელება მოუწევთ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები